საქართველოში კომერციული ბანკების მიერ ჯამურად გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოსთვის 40.1 მილიარდ ლარს შეადგენდა

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ ჯამურად გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოსთვის 40.1 მილიარდ ლარს შეადგენდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების ფარგლებში 2021 წლის აგვისტოში ფინანსური სექტორის მდგომარეობის მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევა საკმაოდ ვრცელია და ისეთ დისციპლინებს მოიცავს, როგორიც კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, მათში განთავსებული დეპოზიტები, საბალანსო და მოგება-ზარალის უწყისები და ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორებია.

კომერციული ბანკების მიერ ჯამურად გაცემული სესხების რაოდენობამ 2021 წლის აგვისტოსათვის 40.1 მილიარდი ლარი შეადგინა. წლიურმა ცვლილებამ კი 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16.2% შეადგინა.

საინტერესოა, რომ ფიზიკური პირების მიერ აღებული სესხების წვლილი მთლიანი სესხების წლიურ ცვლილებაში მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით 8% იყო. ბიზნესსესხების  წვლილი კი წლიურ ცვლილებაში 7.3%-ით განისაზღვრა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული გაცვლითი კურსის ეფექტი.

საკმაოდ საინტერესო მოცემულობაა თავად სესხების სტრუქტურაშიც, რომლის 25.4%-საც ვაჭრობა შეადგენს. იპოთეკურ სესხებს კი ამ სტრუქტურაში 22%-იანი ნიშნული უკავია.

2021 წლის აგვისტოსათვის უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ცვლილებაში 12% შეადგინა, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების წვლილმა კი – 3%. ჯამურად მთლიანი სესხების წლიური ცვლილება 15%-ით განისაზღვრა.

საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ჯამურმა მოცულობამ 35.4 მილიარდი ლარი შეადგინა. წლიური ცვლილება კი 14.6%-ით განისაზღვრა.