ინდოეთმა თავისი პირველი, 5 ათასი კილომეტრი დიაპაზონის მქონე ბალისტიკური რაკეტა, რომელიც Agni-5-ის სახელწოდებით არის ცნობილი, წარმატებით გამოცადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზიურმა სახელმწიფომ სამსაფეხურიანი რაკეტა, რომლის ძრავის ასამუშავებლადაც მყარი საწვავი გამოიყენება, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ორისის შტატის შემადგენლობაში შემავალ აბდულ-კალამის კუნძულიდან 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:20 საათზე გაუშვა. როგორც ცნობილია, Agni-5-ს 5 ათასი კილომეტრის დისტანციაზე არსებული სამიზნის მაღალი სიზუსტით განადგურება შეუძლია.
მსგავსი იარაღი მსოფლიო ასპარეზზე ახალი არ არის, თუმცა კონტინენტთაშორისი რაკეტის წარმატებით გამოცდა ინდოეთისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს რეგიონში ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად ცვლის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს. აღსანიშნავია, რომ Agni-5-ს, რომელიც ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის (DRDO) მიერაა შექმნილი, მთელი ჩინეთის, ასევე ევროპული ქვეყნების მიზანში ამოღება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აზიაში მდებარე სახელმწიფომ ორისის შტატის სანაპიროსთან მიმდინარე წლის აგვისტოში ასევე წარმატებით გამოცადა რაკეტა ITCM-ი. ცოტა ხნით ადრე კი, 2021 წლის ივლისში, Akash-NG-ი, რომელიც სამიზნეს დაახლოებით 60 კილომეტრის მანძილზე ანადგურებს. გარდა ამისა, ინდოეთის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა MPATGM-ი და Agni-Prime-ი. ამ უკანასკნელს 1,000-დან 2,000 კილომეტრამდე დისტანციაზე განლაგებულ ობიექტამდე მიღწევა შეუძლია.