ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა კომპანია TerraPower-მა განაცხადა, რომ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბირთვულ რეაქტორს ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში განათავსებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს ფედერალური მთავრობა 1.9 მილიარდი აშშ დოლარით აფინანსებს. აქედან 1.5 მილიარდი აშშ დოლარი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიმდინარე კვირაში ორი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურის კანონპროექტის ფარგლებში გამოიყოფა.
როგორც ცნობილია, ბილ გეიტსის კომპანია ნატრიუმის ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ რეაქტორს Naughton-ის ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ადგილზე განათავსებს, რომელიც ფუნქციონირებას 2025 წელს შეწყვეტს. რაც შეეხება TerraPower-ის ახალ, 345 მეგავატ სიმძლავრის სადგურს, რომელიც 20%-მდე გამდიდრებულ ურანს გამოიყენებს, ის 2028 წლიდან ამოქმედდება. მოცემული ვადები კონგრესის მიერ არის განსაზღვრული.
ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული რეაქტორების აგებასა და მათ ექსპორტზე გატანაში კონკურენციას ჩინეთსა და რუსეთს გაუწევს. ზოგი ექსპერტი შიშობს, რომ უფრო მეტად გამდიდრებული ურანი ატომური იარაღის შექმნის მსურველებს მიიზიდავს და გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის. იდეის მომხრეები კი აცხადებენ, რომ მსგავსი სადგურების გამოყენება მოგებიანი იქნება, ვინაიდან ისინი ნაკლებ ნარჩენებს ქმნიან და უფრო უსაფრთხოები არიან.
ბილ გეიტსი ატომური სადგურის მშენებლობას თავდაპირველად ჩინეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებულ კომპანია China National Nuclear Corp-თან ერთად, პეკინის მიმდებარედ აპირებდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზიურ სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმებები შეზღუდა, მილიარდერის საწარმომ ახალი პარტნიორების ძიება დაიწყო. ამჟამად ის ნატრიუმის რეაქტორის შექმნაზე კომპანია GE Hitachi Nuclear Energy-სთან ერთად მუშაობს.