საქართველოში მიმოქცევაში 6,065,074 სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის.
ბარათებით ყოველდღიურად მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება, რომლითაც განხორციელებული ოპერაციების მოცულობა საშუალოდ 80 მილიონ ლარს აღემატება. შედარებისთვის, 2016 წლის იანვარში დღეში 300,000 ლარზე ნაკლები საბარათე გადახდა ხდებოდა, ამ გადახდების მოცულობა კი 11 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები 8-ჯერ გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 1,668,009 სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard/Maestro-ს ბარათების რაოდენობა 4,067,234-ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 329,831-ია.
რაც შეეხება სადებეტო ბარათების წილს გადახდის სისტემების მიხედვით, სტატისტიკის თანახმად, Mastercard/Maestro-ს ბაზრის 67% უკავია, VISA-ს – 28%, ხოლო სხვა სისტემებს – ბაზრის 5%. საკრედიტო ბარათების მიმართულებით კი ბაზრის ლიდერი VISA-ს სისტემაა, რომელსაც ბაზრის 43% უჭირავს. შემდეგ მოდის Mastercard/Maestro – ბაზრის 33%-ით და სხვა სისტემები – ბაზრის 24%-ით. რაც შეეხება ინტერნეტ ბანკინგს, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 136,105 ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 280.5 მილიონს (დღეში 9.4 მილიონს) შეადგენს. შედარებისთვის, 2016 წელს ინტერნეტ ბანკინგით, დღის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის გადარიცხვები/ოპერაციები ხორციელდებოდა, რაც მოხმარების გაექვსმაგებაზე მეტყველებს.
წყარო: bm.ge