ტექნოლოგიურ პერსონალზე გლობალურად გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საუკეთესო ტალანტების კომპანიაში შესანარჩუნებლად, Amazon-მა მაქსიმალური წლიური საბაზისო ხელფასის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო – ანაზღაურება 2-ზე მეტჯერ გაიზარდა და ამიერიდან $160 ათასის ნაცვლად ის $350 ათასით განისაზღვრება.
„გასულ წელს ადამიანური კაპიტალის ბაზარი განსაკუთრებულად კონკურენტული გახდა და სხვადასხვა შესაძლებლობის ანალიზისა და ჩვენი ბიზნესის ეკონომიკური საფუძვლების შესწავლის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად ჩვენ მიერ გაცემული ანაზღაურება იმაზე უფრო მეტად უნდა გაგვეზარდა, ვიდრე ჩვეულებრივ“, – წერია Amazon-ის შიდა მეილში, რომელზე წვდომა Bloomberg-მა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, საუკეთესო ტალანტის კომპანიაში შესანარჩუნებლად Amazon-ი საკუთარ აქციებზე დაფუძნებულ ბონუსს იყენებდა, თუმცა 2021 წელს კომპანიის აქციები მხოლოდ 2.4%-ით გაიზარდა, რის გამოც, ამგვარმა სტრატეგიამ თანამშრომლებში პოპულარობა დაკარგა და კომპანიიდან მათი მასობრივი გადინება დაიწყო. სხვადასხვა წყაროს თანახმად, გასულ წელს, Amazon-ი 50-მა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.
ამ დროისთვის, გლობალურ დონეზე, Amazon-ი 1.6 მილიონ ადამიანს ასაქმებს – კომპანიის თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურებას საათობრივად იღებს, ნაწილი კი – წლიურად. ამასთანავე, კომპანიაში მინიმალური ხელფასის პოლიტიკაც არსებობს – საწყობების თანამშრომლები საათში $15-ს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ არის, რომელიც თანამშრომლების გადინების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – ბოლო დროს Apple-ის არაერთი წამყვანი თანამშრომელი სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გადაიბირეს, რის გამოც კალიფორნიულ მწარმოებელს რადიკალური ზომების მიღება მოუხდა. კომპანია საკუთარ წამყვან ინჟინრებს Apple-ის აქციებისაგან შემდგარ $50 ათასიდან $180 ათასამდე მოცულობის საბონუსე პაკეტებს სთავაზობს, რითაც მათ კომპანიაში დარჩენის მოტივაციას უჩენს.