იაპონურმა კორპორაცია Fujifilm Holdings Corp.-მა განაცხადა, რომ კომპანია ამერიკულ Xerox-თან თანამშრომლობას წყვეტს. კონტრაქტის გაწყვეტის თარიღად კორპორაციამ 2021 წლის მარტის ბოლო დაასახელა. კომპანია აღნიშნავს, რომ Fujifilm-ი აშშ-სა და ევროპულ ბაზრებზე შესვლას საკუთარი ბრენდით გეგმავს. ამის შესახებ The Japantimes-ი იუწყება.
ამჟამინდელი ხუთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, FujiXerox-ს უნდა უზრუნველყო პროდუქციის გაყიდვები აზიურ ბაზარზე, ხოლო Xerox-ს უნდა მოეცვა ევროპა და შეერთებული შტატები.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ Fujifilm-ს აღარ მოუწევს 92 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ყოველწლიური სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა Xerox-ისთვის. შესაბამისად, Fujifilm-ი აღარ გამოიყენებს Xerox-ის ბრენდს აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში.
2021 წლის 1 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიები ხელშეკრულებას გაწყვეტენ, Fuji Xerox-ს გადაერქმევა სახელი და Fujifilm Business Innovation Corp.-ი ეწოდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტა Xerox-ისთვის პროდუქციის მიწოდებაზე არ აისახება და ისინი კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ კუთხით.