არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. კერძოდ, აბუ-დაბის არავაქცინირებული მოსახლეობისთვის გარკვეულ საზოგადოებრივ სივრცეებზე წვდომა შეიზღუდება.
საამიროების გადაწყვეტილებით, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედება 20 აგვისტოდან იგეგმება, რაც აბუ-დაბის მოსახლეობას გარკვეულ დროს მისცემს ვაქცინაციისთვის. შეზღუდვების გამკაცრების შემდგომ კი არავაქცინირებული მოსახლეობა არ დაიშვება ისეთ საზოგადოებრივ სივრცეებში, როგორიცაა: კერძო სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები, ასევე თემატური პარკები და კურორტები.
აღსანიშნავია, რომ რეგულაციები არ გავრცელდება ისეთ სავაჭრო სივრცეებზე, როგორიცაა სუპერმარკეტები და აფთიაქები. გარდა ამისა, გამკაცრებული შეზღუდვები არ შეეხება 16 წლამდე ასაკის ბავშვებს და იმ პირებს, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ უფლება, უარი თქვან ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე.
შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ვაქცინაციის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გამოირჩევა – 154 დოზა 100 კაცზე. არაოფიციალური მონაცემებით, საამიროების მოსახლეობის 77,1% სრულად აცრილია, თუმცა ყოველდღიურად საშუალოდ 2,100 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო ხელისუფლება რეგულაციების გამკაცრებას განაგრძობს.