ACWA Power International-ის IPO საუდის არაბეთის ყველაზე დიდი IPO-ა, Aramco-ს შემდეგ

 ACWA Power International-ის IPO საუდის არაბეთის ყველაზე დიდი IPO-ა, Aramco-ს შემდეგ

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ACWA Power International-ის დებიუტი შედგა. კომპანიამ ინვესტირების ბოლო რაუნდისას Aramco-ს შემდეგ რეკორდული რაოდენობის თანხის, 1.2 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო.

მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა დაინახეს საუდის არაბეთის მთავრობის მცდელობა, მოახდინონ ნავთობისა და ეკონომიკის სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კომპანიის აქციათა ფასები 30%-ით, 72.80 რიალამდე გაიზარდა. ACWA მიზნად ისახავს, მთავარი მოთამაშე გახდეს  მწვანე ეკონომიკაში განახლებადი ელექტროენერგიისა და წყალბადის წარმოებით. თავდაპირველად კომპანიამ საკუთარი აქციები საფონდო ბირჟაზე 56 რიალად განათავსა.

ამჟამად ACWA-ს საბაზრო ღირებულება 14.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რაც მას რიადში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად აქცევს.

საუდის არაბეთის მთავრობის განცხადებით, კომპანია სახელმწიფოში განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის არსებული პროექტების 70%-ის უზრუნველყოფაში მიიღებს მონაწილეობას. ის ასევე გახლავთ იმ კონსორციუმის წევრიც, რომელიც 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობას ისახავს მიზნად მწვანე წყალბადის საწარმოებლად. საწვავი კი სრულად მზისა და ქარის განახლებადი ენერგიის დახმარებით იქნება გამომუშავებული.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის შემდეგ, რიადის საფონდო ბირჟაზე კომპანიების პოზიციები დაახლოებით 60%-ით გაუმჯობესდა. რიადის საფონდო ბირჟა ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე IPO-ებით ყველაზე დატვირთული ინსტიტუტია. მას კი კონკურენციას აბუ-დაბის საფონდო ბირჟა უწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *