საინვესტიციო კვლევითი ფირმა Hindenburg Research-ის მიერ თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, გაუტამ ადანის კონგლომერატში დალისტული კომპანიების აქციების ფასი ვარდნას განაგრძობს. Hindenburg-ის ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია კოლექტიურად თითქმის $70 მილიარდით შემცირდა.
საინვესტიციო კვლევითი ფირმის ანგარიში აზიის უმდიდრესი ადამიანის კომპანიებს „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებისა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში ჩართულობაში“ სდებს ბრალს. ადანის კონგლომერატის განცხადებით, კომპანია ყველა საჭირო კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, კვლევითი ფირმის წინააღმდეგ სასამართლოში წარსადგენად კი, სარჩელი უკვე მზადდება.
ანგარიშის გავლენით, Adani Transmission-ისა და Adani Total Gas-ის აქციების ფასი ორშაბათის მდგომარეობით 20%-20%-ით, ხოლო Green Energy-ის აქციების ღირებულება 18%-ით დაეცა. 5%-ით შემცირდა Adani Power-ისა და Adani Wilmar-ის აქციების ფასი, ხოლო Adani Ports-ის აქციების ღირებულების ვარდნამ 0.5% შეადგინა.
Adani Enterprises-ის $2.5 მილიარდის აქციების მეორეული შეთავაზება კი ინვესტორთა მერყევი დამოკიდებულების ფონზე მიმდინარეობს. აქციები 2,686 რუპიად ($32.9) ივაჭრება, რაც 13.6-ით %დაბალია თითო აქციისთვის წინასწარ განსაზღვრულ გასაყიდ ფასზე. საფონდო ბირჟების მდგომარეობით, ადანიმ 45.5 მილიონი აქციიდან შეთავაზება 1.5%-ზე, შესაბამისად 687,840 აქციაზე მიიღო. თუმცა, ორშაბათის მონაცემებით, შეთავაზება უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს, ისევე როგორც ურთიერთდახმარების ფონდებს არ გაუკეთებიათ.
ზემოხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მკვეთრად შემცირდა აზიის უმდიდრესი ადამიანის ქონებაც. გაუტამ ადანი, Forbes-ის რეიტინგში მესამე პოზიციიდან მერვე პოზიციამდე ჩამოქვეითდა და არსებული მონაცემებით, $88.2 მილიარდის მფლობელია.