აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის $415 მილიონის სესხი დაამტკიცა. ADB-ში განმარტავენ, რომ პროექტი ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და საქართველოს რეგიონის სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
“ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად.
23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა”, – განმარტავენ აზიის განვითარების ბანკში.
“მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია”, ამბობს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი. “ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები”.
ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მუცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია.
პროექტის სავარაუდო ღირებულება $558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი.