აღმასრულებელი დირექტორი ცვლის წესებს და აშენებს იმპერიას

აღმასრულებელი დირექტორი ცვლის წესებს და აშენებს იმპერიას

როდესაც სტეისი ბენდეტი მესამე შვილის გაჩენიდან მეექვსე დღეს სამსახურში გავიდა, ყველაფერი არც ისე იყო, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. როგორც ყველა ახალშობილს ახასიათებს, სტეისის შვილსაც თითქმის მთელი დღე ეძინა. ორშაბათ დღეს, როდესაც სტეისი სამსახურში გავიდა, მან ჯერ თავისი ორი უფროსი ქალიშვილი მიიყვანა სკოლაში, შემდეგ რამდენიმე საათი იმუშავა, ლანჩზე სახლში დაბრუნდა ბავშვის ძუძუთი გამოსაკვებად, ისევ სამსახურში წავიდა და შინ დაახლოებით შუადღის 1 ან 2 საათზე დაბრუნდა. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ცხოვრება. ეს არის ბიზნესმენის ცხოვრება. ეს არის ცხოვრება. არ არის აუცილებელი, რომ ეს თქვენი ცხოვრება იყოს, მაგრამ სტეისი ბენდეტი გთხოვთ, არ განსაჯოთ ის ასეთი ცხოვრებისთვის.

მშობიარობიდან მხოლოდ 12 დღე იყო გასული, როდესაც თავისივე ოფისში ინტერვიუ ჩამოვართვი Alice & Olivia-ს აღმასრულებელ და კრეატიულ დირექტორს, სტეისი ბენდეტს. სულ რამდენიმე თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც მარისა მაიერი საჯაროდ დაგმეს მისი განცხადებისათვის, რომ ტყუპის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში გეგმავდა სამსახურში გასვლას და უარს აცხადებდა Yahoo-ს მიერ შემოთავაზებულ ორთვიან ხელფასიან დეკრეტულზე. როგორც ჩანს, ჩვენ, ცოტა არ იყოს, დავიბენით; როდის აქეთ დაუკავშირდა ერთმანეთს ორი ისეთი ცნება, როგორიცაა დეკრეტულისათვის ბრძოლა და დაჟინებული მოთხოვნა, რომ ყველა ქალმა ერთნაირად ისარგებლოს დეკრეტული უფლებებით?

ჩვენ ხომ ყველანი სხვადასხვანაირად ვსარგებლობთ ჩვენი ავადმყოფობის გამო შვებულებით, ან უბრალოდ შვებულებით, მაშინ საიდან ეს მოულოდნელი კრიტიკა იმის გამო, რომ განსხვავებულად ვსარგებლობთ დეკრეტულით? ჩვენ ხომ ყველას სხვადასხვანაირად გვესმის, თუ რა არის იყო მშობელი, სხვადასხვანაირად გვიყვარს და სხვადასხვანაირად ვმართავთ ჩვენს კარიერას. მაშ რატომ ვითხოვთ ასე დაჟინებით, რომ ყველა ქალი ერთნაირად მოიქცეს მშობიარობის შემდეგ?

დავუბრუნდეთ სტეისი ბენდეტს. როდესაც სტეისიმ სოციალურ ქსელში განათავსა სამსახურში გასვლის ფოტოები თავისი საკეისრო კვეთის შემდეგ ასეთ მოკლე დროში, მედიაში მისი გაკრიტიკება დაიწყეს. სტეისი არ დაბნეულა. მას ღრმად სწამს: “იმისათვის, რომ იყო საუკეთესო დედა, აუცილებელია, იცოდე ვინ ხარ და რა განიჭებს ბედნიერებას. მე მომწონს, როდესაც დაკავებული ვარ. მე მიყვარს რაღაცების შექმნა. აი, ასეთი ვარ”.

კომპანია Alice & Olivia თავის თანამშრომლებს სთავაზობს რვაკვირიან დეკრეტულს. მაგრამ სტეისი ბენდეტი ორიენტირებულია თანამშრომელთა შენარჩუნებაზე. მას სჯერა, რომ აღნიშნული პოლიტიკის მიმართ ძალზე მოქნილი მიდგომაა საჭირო: “ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი ინდივიდუალურად მოვარგოთ ჩვენს თანამშრომლებს”. ბენდეტმა მაგალითად მოიყვანა თავისი ერთი თანამშრომელი, რომელიც პარასკევს ისვენებს. სტეისი ასევე მიესალმება იმ თანამშრომლებს, რომლებიც მის მსგავსად მშობიარობის შემდეგ მალევე ბრუნდებიან სამსახურში ან რვაკვირიანი დეკრეტულის ნაცვლად, ირჩევენ ხუთი თვის განმავლობაში ნახევარი განაკვეთით მუშაობას. “აუცილებელია, იცოდე, რა არის შენი თანამშრომლებისათვის უფრო ხელსაყრელი”, – ხაზგასმით ამბობს სტეისი. ბენდეტი ამაყობს იმ ფაქტით, რომ მისი თანამშრომლების 93% ბრუნდება Alice & Olivia-ში სამუშაოდ დეკრეტული შვებულების შემდეგ. სტეისი ტრაბახობს, რომ მისი ერთ-ერთი მოდელიც კი დაუბრუნდა სამუშაოს მას შემდეგ, რაც მეორე შვილი შეეძინა. რაც შეეხება საკუთარ არჩევანს, სტეისი ასეთ განმარტებას იძლევა:

“მე შემეძლო ამეღო ერთი ან ორთვიანი დეკრეტული, მაგრამ მერჩივნა სამსახურში გასვლა, ყოველდღე ცოტ-ცოტა მუშაობა, ბავშვის ძუძუთი კვება სამსახურში და მოვლენების ცენტრში დარჩენა, ვიდრე იმის თქმა, რომ ‘მე ორი თვით სამსახურიდან გავუჩინარდები, ვიქნები მხოლოდ დედა და შემდეგ, როცა სამსახურში გამოვალ, საღამოს 10 საათამდე გიჟივით ვიმუშავებ, რომ ჩემი არყოფნა ავანაზღაურო”.

ბენდეტი ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც კოლეჯში სწავლობდა, გამოცდის წინა დღეს ერჩივნა საღამოს 6 საათამდე დაესრულებინა მეცადინეობა, ვიდრე მთელი ღამე გაეთენებინა. ახლაც, როდესაც სტეისი ბენდეტი მოდის კვირეულისათვის ემზადება, იგი არ ჰგავს იმ დიზაინერებს, რომლებიც ღამის 4 საათამდე მუშაობენ თავიანთი კოლექციის დასრულებაზე. პირიქით, სტეისი ცდილობს, რომ მისმა თანამშრომლებმა დროულად დაასრულონ მუშაობა და სახლში სადილისათვის დაბრუნდნენ. სწორედ მისი ასეთი ხასიათის გამო სტეისის კინოპროდიუსერმა მეუღლემ – ერიკ აიზნერმა მას მოფერებით “ხუთოსანი” შეარქვა. სამუშაოსადმი ასეთი მიდგომის წყალობით, ის, რაც 2002 წელს მხოლოდ ერთი წყვილი შარვალი იყო, 2015 წლისათვის უკვე ნამდვილ მოდის იმპერიად იქცა. კომპანია Alice & Olivia-ს ამჟამად 32 მაღაზია აქვს მთელ მსოფლიოში. კომპანიაში 400 თანამშრომელია დასაქმებული და მისი წლიური შემოსავალი 200 მილიონ დოლარს აღწევს. ბოლო სამი წლის მანძილზე კომპანიის მოგება 400%- ით, ხოლო საცალო გაყიდვების მაჩვენებელი 132%-ით გაიზარდა. და მაინც, ვინ არის Alice & Olivia-ს მფლობელი? აღნიშნული კერძო კომპანიის ძირითადი აქციების მფლობელი არის სტეისი ბენდეტი და მისი ბიზნესპარტნიორი, Theory-ის დამაარსებელი – ენდრიუ როზენი. სტეისი ბენდეტი ჰყვება, რომ კოლეჯი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც Flash-ისათვის ვებგვერდების დიზაინის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ შეხვდა სტეისი ენდრიუ როზენს და ესაუბრა მას Theory-ის საიტის დიზაინის შექმნაზე. მაშინ თანამშრომლობა არ შედგა, მაგრამ ენდრიუს ძალიან მოეწონა სტეისი და სთხოვა, მასთან ურთიერთობა არ შეეწყვიტა. როდესაც სტეისიმ შარვლის პირველი დიზაინი შექმნა (სწორედ ამის გამო დღესაც სტეისის ზედმეტი სახელი და ელექტრონული ფოსტის იუზერის სახელი არის “Stac­eypants” – სტეისი შარვალი). სტეისიმ პატარა მოდის ჩვენებაც გამართა და ენდრიუ როზენიც დაპატიჟა. მას შემდეგ ისინი ბიზნესპარტნიორები არიან.

სტეისი ბენდეტის ოცნება გლობალური ბრენდის შექმნაა, რომელიც დაეხმარება ქალებს საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ და ასევე საუკეთესოდ გრძნობდნენ თავს. ასეთივე ოცნებები აქვს მას საკუთარ ოჯახთან მიმართებითაც: “ჩემთვის მარცხის ტოლფასი იქნება ის, თუ ვერ შევძელი ჩემი სამი ქალიშვილის აღზრდა ისე, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შინაგანი სიძლიერე და საკუთარი თავით კმაყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნება”.

სტეისიმ აღწერა თავისი ტიპური დილა, როგორ აჭმევს ძუძუს თავის ახალშობილ გოგონას, ამავდროულად თმას უწნავს თავის უფროს ქალიშვილს და საუზმისათვის ხილისა და იოგურტის კოქტეილს ამზადებს. მას ძალიან უყვარს თავისი, ცოტა არ იყოს, ქაოსური ოჯახური ცხოვრება. როდესაც მას ვკითხე, რა მოხდებოდა, თუკი იგი რვაკვირიან დეკრეტულს აიღებდა, სტეისიმ მიპასუხა: “ალბათ გავგიჟდებოდი. ზოგიერთ ადამიანს უყვარს სახლში ყოფნა, ბავშვებთან ერთად ლოგინში კოტრიალი და მთელი დღე ფილმების ყურება. მაგრამ ეს ჩემთვის არ არის”.

ბენდეტს სურს, მისაბაძი მაგალითი იყოს იმ ქალბატონებისათვის, რომლებიც კომპანია Alice & Olivia-ში მუშაობენ: “როგორც ქალ აღმასრულებელ დირექტორს, კომპანიაში ისეთი გარემოს შექმნა მსურს, სადაც ქალებს შეუძლიათ ერთდროულად იყვნენ დედები, პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები. მათ შეუძლიათ ჰქონდეთ კარიერა, რომლითაც ისინი ამაყობენ და თავს რეალიზებულად გრძნობენ და ამის წყალობით, უკეთესი დედები იყვნენ”.

ბენდეტი ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი Alice & Olivia-ს პრეზიდენტი – დიანა ბერკლი გახდა. “იგი ძალიან გამჭრიახი ბიზნესმენი, კარგი მომლაპარაკებელი და საუკეთესო დედაა, რომელსაც მე ოდესმე შევხვედრივარ. პირველად რომ ვნახე, ჩემს თავს ვუთხარი ‘მეც მინდა მისნაირი ვიყო’. როდესაც ფეხსაცმლის დიზაინზე ვმუშაობთ და თან ჩემს შვილს ვაჭმევ ძუძუს, მე ამით ყველას ვაჩვენებ, რომ თუ მათ უნდა აჭამონ თავიანთ შვილებს, ამის გაკეთება აქაც შეუძლიათ. ან თუ საჭიროა, რომ ისინი ცოტა ხნით გავიდნენ და გამოიწველონ რძე, მათ თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება ოფისში. ეს სრულიად მისაღებია”.

ბენდეტი მშობიარობის ბოლო დღემდე აგრძელებდა მუშაობას. მას მუდმივად აოცებდა ხალხის რეაქცია და კომენტარები: ‘ღმერთო ჩემო, შენ კიდევ მუშაობ?’ მე კი მათ ვპასუხობდი: ‘მე ორსულად ვარ, ინვალიდი კი არ ვარ’. ვფიქრობ, რომ ქალებმა უნდა გააცნობიერონ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ხშირად სჯობს ორსულობის დროს იმუშაო და დაკავებული იყო, ვიდრე მთელი ყურადღება გადაიტანო ორსულობასთან დაკავშირებულ ტკივილსა და დისკომფორტზე”.

როდესაც მშობიარობის შემდგომ პერიოდზე დავუსვი კითხვა, სტეისი ბენდეტმა მიპასუხა: “ეს არის ინდივიდუალური არჩევანი. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კომპანიები მშობიარობის შემდგომ ხელსაყრელ პირობებს უქმნიან ქალებს. ამგვარი მიდგომით კომპანიები ქალებს დაფიქრების საშუალებას აძლევენ: ნამდვილად სურთ თუ არა, სრულად ისარგებლონ თავიანთი დეკრეტულით და დროებით ჩამოშორდნენ სამსახურს, ან ხომ არ ჯობს, ისარგებლონ ნახევარი განაკვეთის პრივილეგიით და არ მოსწყდნენ თავიანთ საქმეს. ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და მეტწილად დამოკიდებულია ამა თუ იმ ქალბატონის პროფესიასა და თანამდებობაზე. თუ თქვენ მასწავლებელი ბრძანდებით, სიტუაცია სულ სხვაგვარია, ვიდრე მაშინ, როდესაც თქვენ კორპორაციული ხელმძღვანელი ან იურისტი ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი თავად დედამ უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი არ უნდა გახდეს სხვა დედების განსჯისა და კრიტიკის საგანი”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *