აგვისტოში ლირა, დრამი და რუბლი გამყარდა; ლარი დოლართან 13.4%–ით გაუფასურდა

აგვისტოში ლირა, დრამი და რუბლი გამყარდა; ლარი დოლართან 13.4%–ით გაუფასურდა

წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.0%- ით, ხოლო ევროს მიმართ 1.1%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში გაუფასურდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც. რაც შეეხება შედარებას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, 2019 წლის აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 13.4%-ით, ევროს მიმართ კი 10.2%- ით გაუფასურდა.

აგვისტოში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, აზერბაიჯანული მანათის გარდა, გამყარების ტენდენციას ავლენს, თუმცა განსხვავებული მასშტაბით. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა (3.0%-ით), სომხური დრამი (1.3%-ით), რუსული რუბლი (0.9%- ით). აზერბაიჯანული მანათის კურსი კი მცირედით (0.1%-ით) გაუფასურდა.

slide37

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, აგვისტოში რეგიონის ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მსგავსი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 15.0% შეადგინა. შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (4.3%) და სომხეთში (0.6%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მოიმატა.