McKinsey Global Institute-ის ახალი კვლევის თანახმად, გლობალურ კორპორაციულ მოგებაში ხელოვნურ ინტელექტს ყოველწლიურად დამატებით $2.6-$4.4 ტრილიონამდე გამომუშავების პოტენციალი აქვს. კვლევის თანახმად, გასული თაობის ტექნოლოგიებთან შედარებით, გენერაციული AI-ის გამოყენება თანამშრომელთა პროდუქტიულობას 15%-40%-ზე მეტით გაზრდის და არსებული სამუშაო საათების 70%-ს დაიკავებს.
McKinsey Global Institute-ის პროგნოზით, AI-ის გავლენა საკმაოდ მაღალი საბანკო და მაღალტექნოლოგიურ სფეროებზე იქნება. მაგალითისთვის, მხოლოდ საბანკო საქმეში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, წლიურად $200-$340 მილიარდის დამატებითი ღირებულების შექმნაა შესაძლებელი. ხოლო საცალო ვაჭრობისა და საქონლის დაფასოების კომპანიებში AI-ის დანერგვით, ყოველწლიური საოპერაციო მოგება შესაძლოა დამატებით $400-$660 მილიარდით გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტიდან მიღებული მოგების დაახლოებით სამი მეოთხედი ბიზნესის ოთხ სფეროზე მოდის, ესენია: სამომხმარებლო ოპერაციები, მარკეტინგი და გაყიდვები, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია და კვლევა და განვითარება. კვლევის შეფასებით, გენერაციული AI-ის საშუალებით, შრომის პროდუქტიულობა 2040 წლისთვის, ყოველწლიურად 0,1%-0,6%-ით გაიზრდება. სხვა ტექნოლოგიებთან ერთად კი სამუშაოს ავტომატიზაციამ პროდუქტიულობის დამატებით 0.2%-3.3%-იან ზრდას შესაძლოა შეუწყოს ხელი.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის არსებული შესაძლებლობებით, ისეთი ტიპის სამუშაო აქტივობების შესრულებაა შესაძლებელი, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის შედგენა ან მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რაც თანამშრომელთა სამუშაო დროის 60%-დან 70%-მდე იკავებს. შედარებისთვის, 2017 წლის შეფასებით, მაშინ არსებულ ტექნოლოგიებს სამუშაო საათების მხოლოდ ნახევრის დაკავების პოტენციალი ჰქონდა.