AI-მუსიკის გენერაციის კომპანია Suno დაფინანსების ახალი რაუნდით $5-მილიარდიანი შეფასების მიღწევას ვარაუდობს

AI-მუსიკის გენერაციის კომპანია Suno დაფინანსების ახალი რაუნდით $5-მილიარდიანი შეფასების მიღწევას ვარაუდობს

ფოტო: SOPA Images/LightRocket via Getty Images

 

AI-მუსიკის გენერაციის კომპანია Suno, რომელიც ამერიკული Forbes-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის 50 ყველაზე პერსპექტიულ კომპანიას შორის დასახელდა, დაფინანსების ახალი რაუნდით $5-მილიარდიანი შეფასების მიღწევას ვარაუდობს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მოლოდინი გამართლდება, Suno-ს ღირებულება ნოემბრის დაფინანსების რაუნდის შემდგომ გაორმაგდება.

Axios-ისა და Billboard-ის ინფორმაციით, Suno-ს D-სერიის დაფინანსების რაუნდი უახლოეს კვირებში დასრულდება. Billboard-ის ცნობით, დაინტერესებულთა შორის მუსიკალური ინდუსტრიის არაერთი მსხვილი ინვესტორია, თუმცა მათი ვინაობა, ისევე როგორც სხვა დეტალები, არ საჯაროვდება. დაფინანსების ბოლო რაუნდი Suno-მ ნოემბერში გამართა; მაშინ კომპანიამ $250 მილიონი მოიზიდა და $2.45-მილიარდიან შეფასებას მიაღწია. მიღებული თანხის დიდი ნაწილი კომპანიამ AI-ტექნოლოგიის მუშაობისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფაზე დახარჯა.

Suno-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკი შულმანმა, კომპანიას „მუსიკალური ინდუსტრიის ოზემპიკი“ უწოდა. „ყველა მას იყენებს, მაგრამ ამაზე საუბარი არავის სურს“, — განაცხადა შულმანმა.

ფინანსური წარმატების მიუხედავად, სტარტაპი მუსიკალური ინდუსტრიის მხრიდან მუდმივი ზეწოლას განიცდის. თითქმის ყველა მსხვილმა ხმის ჩამწერმა ლეიბლმა, ისევე როგორც მუსიკოსებმა, Suno-ს წინააღმდეგ საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებით სასამართლო დავა წამოიწყეს.

Suno ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2023 წლიდან გახდა, როდესაც სტარტაპმა ღია კოდის (Open-source) მოდელი, Bark-ი გაუშვა. Bark-ის საშუალებით მომხმარებლებს ტექსტის აუდიოდ და სიმღერად გარდაქმნა შეუძლიათ. პლატფორმას უკვე 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ორ მილიონზე მეტი გამომწერი კი მის ფასიან ვერსიას იყენებს. Suno-ს მომხმარებლები ყოველდღიურად 7 მილიონზე მეტ სიმღერას ქმნიან, რაც Spotify-ის სრული მუსიკალური კატალოგის ეკვივალენტია.