აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს.

როგორც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, შვედეთის ნობელის კომიტეტში მწერლის კანდიდატად წარდგენა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ ხმათა უმრავლესობით გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ აკა მორჩილაძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატია. მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი„ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია – „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“ (1998-2004) და სხვა.

ცნობისთვის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან დღემდე 116-ჯერ გაიცა. გასულ წელს ეს ჯილდო ნორვეგიელმა მწერალმა, ჯონ ფოსემ მიიღო. წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს 10 ოქტომბერს გამოავლენენ.