საქართველოს ბანკი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა.
ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა.
ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
- ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი – ფიგურული ციგურაობა;
- ესმირალდა ალიევი და გიორგი დიაკონოვი – ტრამპლინიდან ხტომა;
- საბა ხაჩიძე და ლუკა მიქაბერიძე – საციგაო სპორტი.
მათი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ინგა გურგენიძემ ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში 18 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში კი მეექვსე ადგილზე გავიდა. ჯამურად დაგროვილი ქულების გათვალისწინებით კი მან ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა.
ფიგურულ ციგურაობაში კონსტანტინე სუპატაშვილმა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. მიღებული ქულების დაჯამების შედეგად კი მან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილით დაასრულა.
საბა ხაჩიძემ „ალპენსიას სასრიალო ცენტრში“ ერთადგილიანი ციგით იასპარეზა, პირველი დაშვებისას 22 მონაწილეს შორის მე-9, მეორე მცდელობისას კი მე-14 ადგილზე გავიდა. შედეგების დაჯამების შემდეგ მან ასპარეზობა მე-13 ადგილით დაასრულა.
ტრამპლინიდან ხტომის შეჯიბრში, გიორგი დიაკონოვმა 36-ე ადგილი დაიკავა.
„საქართველოს ბანკი ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ჩვენ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლის ფარგლებშიც, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ქართველ სპორტსმენებს, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ტურნირებზე, არ გაჩერდნენ და სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და აქტიურად გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში. S