ახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება - ბიზნესების პოზიცია Freebusiness.ge-ზე

ახალი არჩევნები და დაკავებულთა გათავისუფლება - ბიზნესების პოზიცია Freebusiness.ge-ზე

გასულ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წარმოქმნილ საპროტესტო ტალღას, ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმამ, ახალი, უფრო ძლიერი მუხტი შესძინა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში უწყვეტი აქციები დაიწყო.

ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა აქცია ძალადობრივი მეთოდებით არაერთხელ დაარბიეს, რა დროსაც როგორც დემონსტრანტები, ასევე მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები დაშავდნენ. აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა ასობით მოქალაქე დააკავეს, რომელთა ნაწილი ამ დროისთვისაც პატიმრობაში რჩება.

მოქალაქეებთან ერთად პროტესტს არაერთი ბიზნესკომპანია და ორგანიზაცია შეუერთდა, რომლებმაც ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა და „ქართული ოცნების“ მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა დაგმო. ცოტა ხნის წინ კი ბიზნესებისთვის საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად პლატფორმა Freebusiness.ge ამოქმედდა. ის სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა, რომელიც სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელია.

„არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – ვებგვერდზე თავისუფალი ბიზნესების განცხადებაში.

პლატფორმაზე შეძლებთ იხილოთ ბიზნესები, რომლებიც აღნიშნულ განცხადებას მხარს უჭერენ. ამ დროისთვის, მათ შორის 320 კომპანიაა.

პოზიციის დაფიქსირება Freebusiness.ge-ზე ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია. მათ შორის, მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, კომპანიას აქვს საშუალება მიუთითოს, რომ აზრს არ აფიქსირებს ან წარმოდგენილი განცხადების წინააღმდეგია.