ახალი ხედვა | ინტერვიუ გიორგი აიოზბასთან

ახალი ხედვა | ინტერვიუ გიორგი აიოზბასთან

„რომპეტროლ საქართველოს“ ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ამ პოზიციაზე მუშაობას ნავთობინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გიორგი აიოზბა თებერვალში შეუდგა. კომპანიის განვითარების გეგმები, ხედვები და მოლოდინები – Forbes Georgia-მ ახალ მენეჯერთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო გიორგი, მოგვიყევით როგორი იყო თქვენი გზა „რომპეტროლამდე“?

„რომპეტროლამდე“ საკმაოდ რთული და საინტერესო კარიერული ეტაპები გავიარე. მე ყაზახეთის მოქალაქე ვარ და ისე მოხდა, რომ სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ნავთობისა და გაზის კომპანიაში, რომელიც დასავლეთ ყაზახეთის გაზგასამართი სადგურების ქსელის მართვასა და განვითარებაში ჩართული იყო. თავდაპირველად, მუშაობა ეკონომისტის ყველაზე დაბალი თანამდებობიდან დავიწყე. დღემდე მახსოვს ინფორმაციის ის ნაკადი, რომელთა ანალიზი და დამუშავება იყო საჭირო. ეს ნამდვილი სამუშაო იყო და ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ჩვენ უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ. ამიტომ, ეს ჩემთვის ცოტა შოკი იყო. მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, რომლებიც ღიად მიზიარებდნენ ცოდნას და გამოცდილებას. ამის წყალობით, სწრაფად მოვერგე გარემოს და დავიწყე ჩემი პოტენციალის გამოვლენაც. საბედნიეროდ, ჩემი შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამის შემდეგ იყო უკვე კარიერის კიბეზე სვლა. კომპანიის დანახვა ყველა მხრიდან შევძელი. ეს იყო ცოცხალი, საინტერესო და ძალიან ინტენსიური სამუშაო. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რასაც დღემდე ვიყენებ.

შემდეგ ეტაპზე კერძო ბიზნეს სტრუქტურაში გადავედი სამუშაოდ, სადაც დავინახე თუ რამდენად განსხვავებული სამუშაო მიდგომები ჰქონდათ, და რამდენად სწრაფად შეუძლია ბიზნესს რეაგირება ცვლილებებზე. სწორედ ეს არის მისი ძლიერი მხარეც.

ჩემს კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2014 წელი, როდესაც მივიღე შემოთავაზება კომპანიისგან, რომელიც თვითმფრინავების საწვავის ბაზარზე შესვლას აპირებდა. ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ გამოწვევა, ეს იყო კომპანიის მშენებლობაში, ბიზნეს-პროცესების ფორმირებასა და პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს მართლაც რთული მოგზაურობა იყო. ბაზარი საკმაოდ თავისებური გამოდგა და არავინ ელოდა მასზე ახალი მოთამაშის გამოჩენას. მაგრამ გუნდური მუშაობის წყალობით, ჩვენ ეს შევძელით. დღეისათვის კომპანია წარმატებით საქმიანობს საავიაციო საწვავის ბაზარზე. მე კი ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ კომპანიის ჩამოყალიბებაში და ჩემი წვლილი შევიტანე მის განვითარებაში.

ასეთი იყო „მოგზაურობა“ „რომპეტროლამდე“, რომელიც საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა. ახლა კი დადგა დრო, მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის ახალ ბაზარზე – საქართველოში, კომპანია „რომპეტროლის“ განვითარებისთვის გამოვიყენო.

თქვენ „რომპეტროლ საქართველოს“ სათავეში საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაუდექით, ვგულისხმობ პანდემიას. როგორია კომპანიის განვითარების თქვენეული ხედვა?

სინამდვილეში, მოხარული ვარ, რომ ამ რთულ პერიოდში მიწევს მუშაობა. ეს გაიძულებს იყო მუდმივად კარგ ფორმაში. კრიზისები იძლევა შესაძლებლობას ყველა პროცესი განსხვავებული კუთხით დაინახო, გაზარდო ეფექტიანობა და იპოვნო ზრდის ახალი წერტილები. მე ბუნებით რეფორმატორი ვარ, მიყვარს გაუმჯობესება, ახლის შექმნა. „რომპეტროლს“ აქვს თავისი ამოცანები და სახელმძღვანელო. არსებობს ხედვა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას და რა მიმართულებით განვავითაროთ კომპანია. ჯერ არ ვარ მზად, რომ გავაჟღერო. დაე, ეს იყოს სიურპრიზი ბაზრისთვის.

გასულ წელს „რომპეტროლ საქართველომ“ ქვეყანაში რამდენიმე ახალი სადგური დაამატა. უნდა ველოდოთ ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას?

ჩვენთვის ქსელის გაფართოების საკითხი სტრატეგიულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი წარმომადგენლობა რეგიონში. დადგა დრო, რომ ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ რაოდენობას, არამედ ზოგადად ქსელის განვითარების ხარისხს, კერძოდ კი თითოეულ ავტოგასამართ სადგურს. უახლოეს მომავალში, ბორჯომში, ჩვენს ახალ ბენზინგასამართ სადგურზე მაღაზიისა და გასტრონომიული ზონის საპილოტე პროექტის დაწყებას ვგეგმავთ. ზოგადად, სადგურებზე დამატებითი სერვისების შექმნა აუცილებელია. ჩვენს გეგმებში რამდენიმე საინტერესო იდეა შედის, რასაც მომხმარებელი ეტაპობრივად გაეცნობა.

საწვავის ფასებზეც მინდა გკითხოთ, ვხედავთ, რომ ნავთობი მსოფლიო ბირჟებზეც და საქართველოშიც ძვირდება. როგორია „რომპეტროლ საქართველოს“ ფასების პოლიტიკა?

ძალიან კარგია, რომ თქვენ ეს საკითხი წამოჭერით. ბაზარზე არსებობს მოსაზრება, რომ „რომპეტროლის“ საწვავი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისაა, მაგრამ, ამავე დროს, აქვს ყველაზე მაღალი ფასები. ხარისხის თვალსაზრისით, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ევროპული ხარისხის უმაღლეს სტანდარტის საწვავით ვამარაგებთ მომხმარებელს.

რაც შეეხება მაღალ ფასს, ეს უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის მითი, რომელიც შემორჩა იმ დროიდან, როდესაც „რომპეტროლი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. ჩვენ აბსოლუტურად საბაზრო ფასი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ დროულად ვრეაგირებთ მსოფლიო ბაზრის ცვლილებებსა და სავალუტო რყევებზე. ამიტომ, როდესაც მსოფლიო კვოტირებები იზრდება, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ, ვინც ამას ბენზინგასამართი სადგურის ფასმაჩველებლის-სტელზე ასახავს.

უფრო მეტიც, „რომპეტროლის“ საწვავისთვის, ჩვენი მომხმარებელი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე რუმინეთში ან ბულგარეთში. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მწვავედ დგას ფასწარმოქმნის საკითხი, ამიტომ, შეგნებულად მაქსიმალურად ვამცირებთ საწვავის ღირებულებას.

ხარისხიანი პროდუქტი, რომელსაც ვყიდით, იაფი ვერ იქნება, მაგრამ ამ საკითხში ყოველთვის ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვნოთ. ჩვენი მომხმარებელი ისევ ის მომხმარებელია, ვინც აირჩევს მაღალხარისხოვან საწვავს.

საინტერესოა თქვენი მოსაზრება საქართველოში ნავთობბიზნესის გამოწვევებთან დაკავშირებითაც…

პრობლემები ნამდვილად არსებობს ბაზარზე და ყველამ იცის ეს. ჩემთვის ისინი ორ კატეგორიად დავყავი. პირველი მოიცავს ბაზრის განვითარებასა და სამართლებრივ ჩარჩოში დროული ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ნორმალური პროცესია, რომლებიც თან ახლავს ყველა განვითარებად ბაზარს. მეორე კატეგორიაში ვაერთიანებ პრობლემებს, რომლებიც აზიანებენ ბაზრის ღირსეულ მონაწილეებს და ხელს უშლიან მის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ქართული ნავთობპროდუქტების ბაზრის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადებაში და ასევე ვმუშაობთ მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების წინადადებებზეც.

„რომპეტროლ საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე მე-16 წელია ვითარდება. მისი მფლობელი ჯგუფი საერთაშორისო კომპანია KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *