საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად.
საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება. მონეტის დიზაინერი ნიტა გონგაძეა.
მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა, რომლის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა 2019 წლის 27 თებერვლიდან დაიწყება.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად “5₾”, თარიღები “1919-2019” და წარწერა “საქართველოს დამფუძნებელი კრება”.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები “საქართველო”, “ხუთი ლარი” და “Georgia”.
მონეტის ტექნიკური მახასიათებლები
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.5გრ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 2000 ცალი