„ალ-ჰილალი“ მბაპეს სანაცვლოდ „პსჟ“-ს რეკორდულ თანხას სთავაზობს

„ალ-ჰილალი“ მბაპეს სანაცვლოდ „პსჟ“-ს რეკორდულ თანხას სთავაზობს

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბმა „ალ-ჰილალმა“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ რეკორდული თანხა, 300 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა. ფრანგულმა კლუბმა შეთავაზება დაადასტურა და უშუალოდ მბაპესთან მოლაპარაკებების დასაწყებად არაბებს ნებართვა მისცა.

შეგახსენებთ, ფრანგის შეძენას ბოლო წლებია მადრიდის „რეალი“ ცდილობს. ესპანელების წინა მცდელობა ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე ჩაიშალა – მბაპემ პარიზში დარჩენა გადაწყვიტა, რამაც „რეალის“ ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების წყრომა გამოიწვია, თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა. „პარი სენ-ჟერმენშიც“ დარწმუნებულნი არიან, რომ კილიანი ესპანურ კლუბში გადასვლას ამჯობინეს.

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. ის კლუბში „მონაკოდან“ იჯარის წესით მოხვდა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, პარიზელებმა ფეხბურთელი 180 მილიონ ევროდ შეიძინეს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში მბაპეს საერთო ჯამში 217 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა განმავლობაში 164 გოლის გატანა და 67 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მოცემული დროისთვის კილიან მბაპეს საბაზრო ღირებულებად 180 მილიონი ევროა მითითებული. ფრანგი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 200 მილიონ ევროდ, 2018-2019 წლებში ფასობდა.