ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება მიმდინარე თვეში 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით შემცირდა. ბოლო პერიოდში ტრამპისთვის ერთ-ერთი წარუმატებელი დღე გასული კვირის ხუთშაბათი აღმოჩნდა, როცა ყოფილმა პრეზიდენტმა თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი დაკარგა – მიზეზი Trump Media-ს აქციების გაუფასურებაა.
სწორედ ამ დღეს, Truth Social-ის მშობელი კომპანიის აქციების ღირებულება 13%-ზე მეტით, $27.17-მდე შემცირდა. შესაბამისად, კომპანიაში ტრამპის 65%-იანი წილის (114,75 მილიონი აქცია) ღირებულება 3.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 3.1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ამჟამად Trump Media-ს აქციების ფასი მცირედაა გაზრდილი და $27.66-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისიდან Trump Media-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 43%-ით არის შემცირებული. ამან ტრამპის ქონების ღირებულებაზე დიდი გავლენა მოახდინა – თუკი მაისის დასაწყისში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სიმდიდრე $7.5 მილიარდს უტოლდებოდა, Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის ის $5 მილიარდს შეადგენს, რაც, დიდწილად, სწორედ Trump Media-ს აქციების გაუფასურებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დონალდ ტრამპის ქონება 2.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. მან მილიარდიანი ნიშნული ჯერ კიდევ 1988 წელს გადალახა. 78 წლის ტრამპი ამჟამად Forbes-ის მილიარდერების სიაში 614-ე ადგილს იკავებს.