Amazon-მა საყოფაცხოვრებო რობოტების შემქმნელი კომპანია, iRobot-ი შეიძინა

Amazon-მა საყოფაცხოვრებო რობოტების შემქმნელი კომპანია, iRobot-ი შეიძინა

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საინტერესო შესყიდვა დაფიქსირდა: მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა საყოფაცხოვრებო გამოყენების რობოტების შემქმნელი ამერიკული კომპანია, iRobot-ი $1.7 მილიარდად შეიძინა, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

„ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროის დაზოგვა, ხოლო ყოველდღიური რუტინული საქმიანობა იმ ძვირფას დროს გვაკარგვინებს, რომლის უკეთ გამოყენება მომხმარებლებს მათი საყვარელი საქმიანობისთვის შეუძლიათ“, – განაცხადა Amazon Devices-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დეივ ლიმპმა. „მრავალი წლის განმავლობაში, iRobot-ის გუნდმა დაამტკიცა, რომ საკუთარი საოცრად პრაქტიკული და ინოვაციური პროდუქტებით დასუფთავების პროცესის შეცვლა შეუძლია – ეს ეხება ყველაფერს, დაწყებული იმით თუ სად და როდის სურთ მომხმარებლებს დალაგება, მათ შორის გარკვეული წინაღობების გადალახვით და დამთავრებული ნაგვის ურნის ავტომატური დაცლით. iRobot-ის პროდუქტები მომხმარებლებს ძალიან უყვართ და მოხარული ვარ, რომ iRobot-ის გუნდთან ერთად ვიმუშავებ, რათა ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ iRobot-ი საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ჯერ კიდევ 2002 წელს გამოჩნდა, როცა Roomba-ს ბრენდის პირველი რობოტი მტვერსასრუტი გამოუშვა. დღეს iRobot-ი გლობალური ბრენდია, რომელსაც მილიონობით რობოტი აქვს გაყიდული, რომლებიც, უმეტესწილად, დასუფთავების მიმართულებით გამოიყენება. თუმცა, iRobot-ის რობოტების ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა ისაა, რომ ტექნოლოგია, რომელსაც ისინი საცხოვრებელი ფართის რუკის შესადგენად და წინააღმდეგობების გადასალახავად იყენებენ – კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ განვითარებულია.

iRobot-ის და ნებისმიერი სხვა ჭკვიანი მტვერსასრუტის სამუშაო პროცესი, ასეთია: თავდაპირველად, iRobot-ის თითოეული მოწყობილობა საცხოვრებელი ფართის დეტალურ რუკას ადგენს, რომელზეც ასახულია არამხოლოდ იატაკი, არამედ სხვადასხვა ტიპის წინაღობები, რომელთა გადალახვა რობოტს არ შეუძლია, მათ შორის ტახტები, კარები, ხალიჩები და სხვა ნივთები. მას მერე, რაც რობოტი ამგვარ რუკას შეადგენს, მომხმარებლის სახლის იატაკს ის დღეში რამდენიმეჯერ წმენდს და თუკი ამ დროს გარკვეული ნივთების განლაგება შეიცვლება, რობოტი ამ განსხვავებებს ავტომატურად აღწერს. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: საქმე ისაა, რომ iRobot-ის უახლესი მოდელის, j7-ის წინა მხარეს დამონტაჟებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი კამერა, რომელმაც გამოშვებიდან დღემდე, ადამიანების სახლებში 43 მილიონზე სხვადასხვა ნივთი ამოიცნო.

ფოტო: The Verge

ამგვარად, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვა მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან საყოფაცხოვრებო რობოტების მწარმოებელი კომპანიის დამატებით, ამერიკულმა გიგანტმა ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების საკუთარ ბიზნესს კიდევ ერთი შრე შემატა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი დეტალი, რომელიც გარიგებას საფუძვლად დაედო, iRobot-ის მაღალგანვითარებული ტექნოლოგიაა, რადგან ჭკვიანი სახლების მოწყობის ბიზნესში,  საცხოვრებელი ფართის ამსახველი რუკა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამგვარად, მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას შესაძლებლობა უჩნდება მომხმარებლის ქცევა კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლოს, რაც თავისთავად, კომპანიას მეტად მიზანმიმართული რეკლამის კეთების საშუალებას მისცემს.

თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი ინფორმაცია ერთგვარი ციფრული ოქროა ელექტრონულ კომერციაში ჩართული კომპანიებისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით გარკვეულ ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს. ადამიანებს ავტომატიზაციის პროცესი მოსწონთ და სურთ, რომ ის დაჩქარდეს, მაგრამ არა საკუთარი ცხოვრების მეტად პირადული დეტალების გაზიარების ხარჯზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქმე მხოლოდ ჭკვიან მტვერსასრუტთან არ გვაქვს – Amazon-ი  ჭკვიანი კამერების კომპანიას, Ring-ს და Echo-ს ბრენდის ჭკვიან დინამიკებს ფლობს, რომლებიც მუდმივად ჩართულია. ამგვარად, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტების გაერთიანებით, Amazon-ს მისი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე კოლოსალური ინფორმაციის მოგროვება შეუძლია.

როგორც ჩანს, ამ გარიგებაში Amazon-ს თავად ტექნოლოგია და მისი შესაძლებლობები უფრო აინტერესებს, ვიდრე ჭკვიანი მტვერსასრუტები, რომელთა შექმნა Amazon-ს თავადაც შეუძლია – ამაზე მიუთითებს ისიც, რომ კომპანია iRobot-ი მან ახლა შეიძინა და არა წლების წინ, როცა ეს გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებოდა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ადამიანების საცხოვრებელი ფართის აღწერის ტექნოლოგია ისეთი დახვეწილი არ იყო, როგორიც დღეს არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, iRobot-ი Amazon-მა მაინც შედარებით იაფად შეისყიდა – გარიგება მას მერე შედგა, რაც კომპანიამ შემოსავლის 30%-იანი კლება დააფიქსირა.

საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მონაცემების მოგროვება Amazon-მაც სცადა, როცა ბაზარზე საკუთარი წარმოების ჭკვიანი სახლის რობოტი, ასტრო წადაგინა, რომელიც, თავის დროზე, ამერიკული გიგანტის ყველაზე ამბიციურ საყოფაცხოვრებო პროდუქტად ითვლებოდა, მასში გაერთიანებული რობოტიკის, ხელოვნური ინტელექტის, სახლის მონიტორინგისა და ქლაუდ-სერვისების გამო. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასტროს შეუძლია ყველაფერი ის, რაც iRobot-ის ჭკვიან მტვერსასრუტებს – გარდა დალაგებისა, ცხადია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასტრო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობითაა გამოშვებული და თან ათასი დოლარი ღირს, კომპანიას იმ მასშტაბის ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რასაც iRobot-ის მტვერსასრუტები.

Amazon-ის სახლის რობოტი | ფოტო: Amazon via The Verge

ამგვარად, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელსაც iRobot-ის საყოფაცხოვრებო რობოტები Amazon-ს სხვა ტიპის ჭკვიან მოწყობილობებთან ერთად სთავაზობენ, ეს შერწყმა მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას საკუთარი მომხმარებლების უკეთესად გაცნობის საშუალებას მისცემს, რაც თავისთავად, დადებითად აისახება არამხოლოდ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, არამედ მის ჰეგემონიაზეც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *