ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა

ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა

პარასკევს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაივანში „პროვოკაციული“ ვიზიტის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და მისი ოჯახი დასანქცირდება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განმარტებით, მიუხედავად ჩინეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნისა, პელოსი ტაივანს მაინც ესტუმრა და ამ გადაწყვეტილებით ჩინეთის შიდა საქმეებში ჩაერია. „მისი ვიზიტი გახლდათ უპატივცემულობა ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა. პელოსის ტაივანში ჩასვლა ეჭვქვეშ აყენებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას და საფრთხეს უქმნის ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მესამე ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, ნენსი პელოსი აზიური ტურის ფარგლებში ტაივანს ესტუმრა. ტაივანს ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად თვლის, აშშ კი ტაივანთან დამოუკიდებელ დიპლომატიას აწარმოებს. შესაბამისად, ეს მოვლენა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მიზეზია.

პელოსის ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი თავიდან პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით იმუქრებოდა. შემდეგ კი ტაივანის გარშემო ექვს სხვადასხვა პოზიციაზე უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *