ამერიკელი სენატორი 100 000 უმდიდრესი ოჯახისთვის დამატებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

ამერიკელი სენატორი 100 000 უმდიდრესი ოჯახისთვის დამატებითი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის

ამერიკელი სენატორი ელისაბეთ უორენი ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც უმდიდრეს ამერიკელებს ახალი გადასახადი უნდა დაუწესდეთ. მისი თქმით, ეს არის გზა იმ ფედერალური დანახარჯების დაფინანსებისა, რასაც პრეზიდენტ ბაიდენის და სხვა დემოკრატების მიერ წარდგენილი პროგრამა ითვალისწინებს.

შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, მდიდრები წლიურად წმინდა ქონების 2%-ით უნდა დაიბეგრონ. საუბარია იმ მოქალაქეებსა და ოჯახებზე, რომლებიც $50 მილიონზე მეტს ფლობენ. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, $100 მილიონზე მეტის მფლობელები დამატებით 1%-ით უნდა დაიბეგრონ.

„ეს კანონი ამერიკის 100 000 უმდიდრეს ოჯახს შეეხება“, – განაცხადა სენატორმა უორენმა, რომელიც სენატში გავლენიან საფინანსო კომიტეტს წელს შეუერთდა.

თუმცა, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ წინადადებას მხარს არ უჭერს, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონპროექტი დამტკიცდეს. გარდა ამისა, კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ სადავო იქნება ამ გადასახადის დაწესება, ვინაიდან გაჩნდება კითხვები ქონების „გაზომვასთან“ დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარში Reuters/Ipsos -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით ცნობილი გახდა, რომ რესპონდენტთა 64%-ის აზრით, მდიდრებმა დამატებითი გადასახადი უნდა გადაიხადონ, რათა საზოგადოებრივი პროგრამები დაფინანსდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *