შვედური Klarna ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია

შვედური Klarna ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია

შვედური გადახდის კომპანია Klarna-ს საბაზრო ღირებულება ექვს თვეზე ნაკლებ დროში თითქმის გასამმაგდა და $31 მილიარდს მიაღწია. შედეგად ის ევროპაში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპია.

როგორც Klarna-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი სებასტიან სიემიატკოვსკი ამბობს, მას სჯერა, რომ კომპანიას მეტის მიღწევის შესაძლებლობა აქვს.

„თუ ნახავთ ჩვენს ღირებულებას და შეადარებთ მას მსხვილი რიტეილ-ბანკების ღირებულებას მთელ ინდუსტრიაში, დაინახავთ, რომ ჩვენ შესაძლებლობების ჯერ მხოლოდ ნაწილს ვიყენებთ“, – განაცხადა მან.

Klarna „ახლა იყიდე, შემდეგ გადაიხადე“-ს პრინციპით მუშაობს. აღნიშნული ბიზნესმოდელის შესახებ კითხვები  განსაკუთრებით კორონავირუსის კრიზისის დროს გაჩნდა, როდესაც ბრიტანეთმა და კიდევ ბევრმა ქვეყანამ, მომხმარებლების ზედმეტი ხარჯვისგან დასაცავად,  ახალ რეგულაციებზე დაიწყო ფიქრი.

თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები ამან ვერ შეაჩერა. შედეგმაც არ დააყოვნა და Klarna-ს ღირებულება რეკორდულად გაიზარდა.

ბოლო რაუნდის დროს შვედურმა სტარტაპმა 30-ზე მეტი ინვესტორისგან დაახლოებით $650 მილიონის ოდენობის თანხის მიზიდვა შეძლო.

ცნობისთვის, Klarna შვედური ფინტექ-კომპანიაა, რომელიც ონლაინ გადახდებს უზრუნველყოფს. აღნიშნული ციფრული ბანკი ცნობილია თავისი „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ მოდელით, რომელიც ყიდვის მსურველებს უპროცენტო დაფინანსებას სთავაზობს. შვედური Klarna-ს კონკურენტები რეგიონში არიან ბრიტანული აპლიკაცია Revolut-ი და გადახდების პლატფორმა Checkout.com-ი. Klarna-ს აპლიკაციას 12 მილიონზე მეტი თვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. დღეში აღნიშნულ აპლიკაციას საშუალოდ 55 000 ადამიანი ტვირთავს. კომპანია სწრაფ ზრდას განიცდის აშშ-ის ბაზარზე, ეს კი პანდემიით გამოწვეული ზრდაა. მომხმარებლები მასობრივად გადადიან ონლაინ ყიდვებსა და გადახდაზე. მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში, Klarna-მ 35 000 ახალი რითეილერი დაამატა თავის ქსელში. ამჟამად კომპანიას 200 000-ზე მეტი რითეილ-პარტნიორი ჰყავს, მათ შორის არიან Sephora, Groupon-ი და Ralph Lauren-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *