ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებულ ვიზიტორებს ქვეყანაში შეუშვებს

ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებულ ვიზიტორებს ქვეყანაში შეუშვებს

ამერიკის შეერთებულ შტატები ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნებიდან სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის მგზავრობის შეზღუდვებს ამსუბუქებს. გასული წლის დასაწყისში აშშ-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ნოემბრიდან იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხობს ევროპელი მოკავშირეების მთავარ მოთხოვნას, რაც შეზღუდვების გამო ერთმანეთისგან გაყოფილი ოჯახებისა და მეგობრების კვლავ გაერთიანებას გულისხმობს. როგორც თეთრი სახლის Covid-19-ის კოორდინატორმა ჯეფ ზინტსმა  ორშაბათს განაცხადა, ახალი კანონი ემყარება უფრო მეტად ინდივიდუუმებს, ვიდრე ქვეყანას, ამიტომ უფრო ძლიერი სისტემაა. გარდა ამისა, ზინტსმა დაამატა, რომ აშშ-ში მგზავრობის მსურველებს სრულად ვაქცინაცია მოეთხოვებათ.

შეერთებული შტატების მხრიდან თავდაპირველად სანქციები ჩინეთიდან მოგზაურობაზე 2020 წლის დასაწყისში დაწესდა და შემდგომ უკვე სხვა ქვეყნებზეც გავრცელდა. ამჟამინდელი შეზღუდვები კრძალავს ქვეყანაში იმ პირების შესვლას, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბრიტანეთში, ევროპის რიგ ქვეყნებში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალი წესები არ ვრცელდება სახმელეთო საზღვრებზე, რაც ნიშნავს, რომ შეზღუდვები კანადიდან და მექსიკიდან საზღვრისპირა მოგზაურობაზე კვლავ შენარჩუნდება.

რაც შეეხება ახალ წესებს, აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უცხოელმა მოგზაურებმა ფრენამდე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, მოგზაურობიდან სამი დღის განმავლობაში Covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი და საკონტაქტო ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ წესდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინისგან ათავისუფლებს. გამონაკლისი კი ბავშვები იქნებიან, რადგან მათი ვაქცინაცია ჯერჯერობით არაა დაშვებული.

როგორც ზინტსის განცხადებიდან ირკვევა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განსაზღვრავს,  მხოლოდ აშშ-ის მიერ დამტკიცებული ვაქცინით აცრის მოქალაქეებს მიეცემათ ქვეყანაში შესვლის უფლება, თუ ეს უფლება სხვა ვაქცინით აცრილებსაც მიენიჭებათ. გარდა ამისა, ამერიკელები, რომლებიც სრულად არ არიან აცრილნი, კვლავ შეძლებენ ქვეყანაში შესვლას, თუმცა მათ უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება როგორც აშშ-ში დაბრუნებამდე, ასევე დაბრუნების შემდეგ.

აშშ-ის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან. გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონის თქმით, ახალი წესები ფანტასტიკური სტიმულია ბიზნესისა და ვაჭრობისთვის და ასევე ორად გაყოფილი ოჯახების გასაერთიანებლად. გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით კი ეს შესანიშნავი სიახლეა გერმანული და ევროპული ინვესტიციებისთვის, ექსპორტისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის. მგზავრობაზე დაწესებული ახალი წესების საპასუხოდ ავიაკომპანიების აქციების ფასები გაიზარდა, ბრიტანული ავიახაზების მფლობელი IAG-ის შემოსავლებმა კი10%-ით მოიმატა. აშშ-ის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და მოგზაურობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა Virgin Atlantic-მა და American Airlines-მა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 42 მილიონზე მეტი შემთხვევა და 670,000 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. მოგზაურობის წესების შემსუბუქების გადაწყვეტილება აშშ-ში ბევრისთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მთავრობამ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის დრო ჯერ არ დამდგარა.

 

ფოტო: WILFREDO LEE/ASSOCIATED PRESS

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.