ანა ჯაფარიძემ პარიზში მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა. მან პარატაეკვონდოს ტურნირზე -52 წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მოგება შეძლო.
ანამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ეგვიპტელ სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანს აჯობა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კი მსაჯებმა გადაწყვიტეს. მათგან ორმა გამარჯვება ქართველს მიანიჭა, ერთმა კი – ეგვიპტელს.
ანამ პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა ამერიკელი პაოლო აგუილა რამოსის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა დაპირისპირება დამაჯერებელი ანგარიშით, 22:2 მოიგო. მეოთხედფინალში ანა ტოკიოს პარაოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, თურქ მერიემ ბეტიულ ჩავდარს შეხვდა. ჯაფარიძემ მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 სძლია. ამის შემდეგ ანა ნახევარფინალში ირანელ ზაჰრა რაჰიმის შეხვდა და ანგარიშით 0:6 დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო და წარმატებასაც მიაღწია.
პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 28 აგვისტოს გაიმართა. სპორტის 22 სახეობაში შეხვედრები 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარიზის პარაოლიმპიადაზე 14 წარმომადგენელი ჰყავს.