რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“, სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა.
კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას განცხადებით, ხმების 95%-ზე მეტის დათვლის შემდეგ „ერთიანმა რუსეთმა“ 57.83% მიიღო. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის შედეგი 49.8% იყო.
წინასწარი მონაცემებით, „ერთიანი რუსეთი“ 450-ადგილიან სახელმწიფო დუმაში 355 მანდატს გააკონტროლებს, რაც დეპუტატთა თითქმის 80%-ია. ამ შედეგით პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ინარჩუნებს, რაც მას სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გარეშე კანონების მიღებისა და კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციირების შესაძლებლობას აძლევს.
სახელმწიფო დუმაში, „ერთიანი რუსეთის“ გარდა, სამი პარტია გადის. კომუნისტურმა პარტიამ ხმების 13.81% მიიღო, ულტრამემარჯვენე LDPR-მა – 8.98%, ხოლო პარტიამ „ახალი ადამიანები“ – 7.96%. პარტია „სამართლიანი რუსეთი“ 5%-იან ბარიერთან ახლოსაა და, პამფილოვას შეფასებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს.
ოთხივე პარტია ბოლო წლებში მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ხელისუფლების საკვანძო ინიციატივებზე, ხშირად „ერთიანი რუსეთის“ პოზიციას უჭერდა მხარს.
ეს რუსეთისთვის პირველი საპარლამენტო არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამავდროულად, რამდენიმე რეგიონში ადგილობრივი პარლამენტებისა და გუბერნატორების არჩევნებიც გაიმართა.
„იაბლოკო“ – რუსეთში რეგისტრირებული ერთადერთი პარტია, რომელიც ომს ეწინააღმდეგება – სახელმწიფო დუმაში მანდატის მოპოვებას ვერ ახერხებს. პარტიის კანდიდატების დიდ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. თუმცა, ნოვგოროდის რეგიონში, ხმების თითქმის 97%-ის დათვლის შემდეგ, „იაბლოკომ“ 5%-იანი ბარიერი დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით გადალახა და რეგიონულ პარლამენტში მოხვედრისთვის საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. პარტიის განცხადებით, მას რეგიონში 12,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
პამფილოვას განცხადებით, არჩევნებში რუსეთის 111 მილიონი ამომრჩევლის 59.3%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, მსგავსი ტიპის არჩევნებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის ბოლო დღეს მოსკოვი უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის სამიზნეც გახდა.
ჩეჩნეთში კი, პუტინის მოკავშირე რამზან კადიროვი, ოფიციალური შედეგებით, რესპუბლიკის მეთაურად მეხუთე ვადით თითქმის 100%-იანი მხარდაჭერით აირჩიეს.
არჩევნების შედეგების პარალელურად, ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციონერი აქტივისტები კენჭისყრის პროცესში მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობდნენ, რასაც პამფილოვა უარყოფს და არჩევნებს „სუფთად“ ჩატარებულად აფასებს.
Forbes Georgia, ვებრედაქტორი












