ფოტო: AFP/AFP/AFP/Getty Images
ვენეცია ტურისტებისთვის ქალაქში შესასვლელად დაწესებული საფასურის გაზრდასა და მისი მოქმედების პერიოდის გახანგრძლივებას განიხილავს. ადგილობრივი ხელისუფლება 2027 წლისთვის დღიური გადასახადის მაქსიმუმ €30-მდე გაზრდაზე მსჯელობს.
ვენეციის ბიუჯეტისა და გადასახადების საკითხებზე პასუხისმგებელი მრჩევლის, მიკელე ძუინის განცხადებით, ამჟამინდელი €5-10-იანი გადასახადი ტურისტების ნაკადის შესაკავებლად საკმარისი აღარ არის. მისი თქმით, არსებული ტარიფი თითქმის ყველა ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომია და შესაძლოა, მიღებულმა ზომამ, რომლის მიზანიც გადატვირთულ ტურიზმთან ბრძოლაა, შემაკავებელი ეფექტი დაკარგოს.
ძუინის განცხადებით, ახალი ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება იტალიის მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მიიღონ. მისივე თქმით, განხილვის პროცესში გადასახადის €50-მდე გაზრდის იდეაც გაჟღერდა, თუმცა საბოლოო ტარიფი შესაძლოა მაქსიმუმ €30-ით განისაზღვროს.
ვენეციაში ტურისტებისთვის ქალაქში შესვლის საფასური 2024 წელს დაწესდა. გადასახადი მხოლოდ იმ ვიზიტორებზე ვრცელდება, რომლებიც ქალაქში ღამეს არ ათევენ. ბილეთის წინასწარ შეძენის შემთხვევაში ვიზიტორები უფრო დაბალ ტარიფს იხდიან. არსებობს გამონაკლისებიც, მათ შორის, 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
2026 წელს შესვლის საფასური 3 აპრილიდან 26 ივლისამდე, კონკრეტულ დღეებში, 08:30-დან 16:00 საათამდე მოქმედებდა. ამ პერიოდში ქალაქის ბიუჯეტში ბილეთების გაყიდვიდან €5.2 მილიონზე მეტი შევიდა – ჯამში თითქმის 680,000 ბილეთი გაიყიდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სქემის მიზანი არა მხოლოდ ქალაქის შემოსავლების გაზრდა, არამედ ტურისტების წახალისებაა, რომ ვიზიტი წლის ყველაზე დატვირთულ პერიოდებს აარიდონ. ქალაქი წლებია ჭარბ ტურიზმსა და მოსახლეობის შემცირებას ებრძვის.
Forbes Georgia, ვებრედაქტორი












