ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine იქნება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერმინალის ოპერატორი SSA Marine იქნება

საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდი დიდი კომპანია მონაწილეობდა. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი ამერიკული SSA Marine გახდა.

მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ახდენს ოპერირებას და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება. გარდა ამისა, SSA Marine მთელს მსოფლიოში  75 მილიონზე მეტ მშრალ ტვირთს ამუშავებს,  ახდენს საკრუიზო გადაყვანებს მექსიკასა და ამერიკაში, ხოლო ამერიკაში 30-ზე მეტ პირველი კლასის ინტერმოდალურ სარკინიგზო მაგისტრალს უწევს ექსპლუატაციას. 

“ჩვენ ვამაყობთ, რომ  ასეთი პერსპექტიული და ამბიციური პროექტის პარტნიორები გავხდით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის ის, რაც საქართველოს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს, რაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში ტვირთების გაზრდასა და სამხრეთ კორიდორის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბობ ვოტერსმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. ამჯერად დოკუმენტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამავდროულად დასრულდა მუშაობა პორტის დიზაინზე და დიზაინის პროექტს კონსორციუმი 2017 წლის 30 ივნისს მთავრობას წარუდგენს. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *