ოფიციალური გაშვებიდან რამდენიმე დღეში, Threads-ის დღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა თითქმის 200 მილიონს მიაღწია. Evercore ISI-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ახალი პლატფორმა Meta-ს წლიურ შემოსავალს დაახლოებით $8 მილიარდით გაზრდის.
ანალიტიკოსთა პროგნოზით, ფისკალურ 2025 წელს Meta-ს წლიური საშუალო შემოსავალი $156 მილიარდს მიაღწევს. გასულ წელს ცუკერბერგის ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, $117 მილიარდი გამოიმუშავა. Threads-ის უმსხვილეს კონკურენტ Twitter-ს, რომელიც გასულ წელს ილონ მასკმა შეიძინა, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, 237.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
ახალი პლატფორმის ოფიციალურად გაშვების დღიდან, ცუკერბერგი Threads-ზე საკმაოდ ხშირად ჩნდება. „ჩვენი მიდგომა Threads-ის მიმართ Meta-ს სხვა პროდუქტებისადმი დამოკიდებულების მსგავსი იქნება: საწყის ეტაპზე პროდუქტის კარგად მუშაობაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, ერთ მილიარდ მომხმარებლამდე ასვლის შემთხვევაში კი მის მონეტიზაციაზე ვიფიქრებთ“, – დაწერა ცუკერბერგმა გასულ კვირას Threads-ზე.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს Meta-ს აქციები გაორმაგდა და ორშაბათის ვაჭრობაში, 2.6%-იანი მატებით, 17 თვის მაქსიმუმს მიაღწია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი პლატფორმა Threads-ი გასულ კვირას გაუშვა. ახალი სოციალური პლატფორმა პირდაპირაა დაკავშირებული Instagram-თან და უკვე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის.