Apple – ხელგაშლილი მხარჯველი

Apple – ხელგაშლილი მხარჯველი

Wall Street Consensus-ის გამოთვლით, Apple-ის შემოსავალი მომავალ ფისკალურ წელს $140 მილიარდი იქნება. ალბათ გაყიდვების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს კომპანიის მაღალი დანახარჯები, რაც 8 მილიარდ დოლარს შეადგენს და Google-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის ერთად აღებულ დანახარჯებს აღემატება. 2004 წლამდე Apple-ის წლიური დანახარჯი წლიური შემოსავლის 2 %-ს შეადგენდა, 2004 წლიდან კი ეს მონაცემი 4%-მდე გაიზარდა. ხარჯების ზრდა გამოიწვია კომპანიის ინვესტირებამ მაღაზიებსა და მონაცემთა ცენტრებში, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს მუსიკა და ფილმები მიეწოდება. ასევე კომპანიამ თანხები დახარჯა ახალი ტაბლეტებისა და ტელეფონებისათვის ხელსაწყოების სპეციალიზებული ნაკრებების შესაქმნელად. მომავალ წელს ხარჯვის 4%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნებით, შესაძლებელია გაყიდვები $200 მილიარდამდე გაიზარდოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მაშინაც კი, თუ დანახარჯები გაყიდვების 5% იქნება, Apple-ის მოგება $160 მილიარდს ვერ გადააჭარბებს. ეს კი 48%-ით მეტია 108 მილიარდთან შედარებით, რომელიც კომპანიამ 2011 წელს მიიღო. ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში ხარჯავს კომპანია Apple თანხებს (Apple აქვეყნებს ინფორმაციას მხოლოდ საცალო გაყიდვების მაღაზიებზე დახარჯული თანხების შესახებ, რაც კომპანიის მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილია).

ახალი სათაო ოფისი

$ 1მილიარდი

სტივ ჯობსის მიერ „მსოფლიოში საუკეთესო საოფისე შენობად” მონათლული, ნორმან ფოსტერის დიზაინით შექმნილი უზარმაზარი ლამბაქის ფორმის შენობა 71 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული და მასში 13 ათასი თანამშრომელი იმუშავებს. შენობის შიდა ფართი 850 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ Apple 2012 წელს 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს თავისი ახალი სათაო ოფისის მშენებლობაზე, როგორც ამას მორგან სტენლის ანალიტიკოსი კეტრინ ჰიუბერტი ვარაუდობს, ეს კომპანიის 2012 წლის ბიუჯეტის მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება.

მანქანა-დანადგარები და ხელსაწყოები

$ 5 მილიარდი

საკუთარი პროდუქციის შესაქმნელად Apple დანადგარებს, წარმოების სიზუსტის განმსაზღვრელ ხელსაწყოებსა და ტექნიკას აზიაში მდებარე მიმწოდებელი ქარხნებისაგან ყიდულობს. iPhone-ისა და iPad-ის ბიზნესის ბუმმა ბიუჯეტის ამ სეგმენტის ზრდა გამოიწვია. 2012 წლის ბიუჯეტიდან გამომდინარე, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი ვარაუდობს, რომ მობილური ხელსაწყოები კვლავ სწრაფი ტემპით გაიყიდება, ხოლო თუ Apple გეგმავს, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ტელევიზორები გამოუშვას, მაშინ კომპანიამ ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო დანადგარების შესყიდვა უნდა დაიწყოს.

მონაცემთა ცენტრები

$ 1,1 მილიარდი

Apple-მა თავისი iCloud ონლაინ-მომსახურება 12 ოქტომბერს ჩაუშვა. ახალი მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებელს Apple-ის სერვერებზე შეინახოს თავისი მუსიკა, ფოტოები და დოკუმენტები და ყველა თავის მოწყობილობასთან მათი სინქრონიზირება მოახდინოს. iCloud-ის ასამუშავებლად Apple-მა წელს ჩრდილოეთ კაროლინაში მონაცემთა ცენტრი გახსნა, რომელიც 152 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. მისი სავარაუდო ღირებულება 1მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე მონაცემთა ცენტრი და მზის ენერგიაზე მომუშავე ფერმა იმავე შტატში 70 ჰექტარზე შეიძლება აშენდეს. Apple-მა აგრეთვე იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი ახალი მონაცემთა ცენტრისთვის სან-ხოსეში, კალიფორნიაში.

საცალო მაღაზიები

$ 900 მილიონი

მომავალ წელს Apple ორმოცი ახალი მაღაზიის მშენებლობას გეგმავს. თითოეული მაღაზიიდან წლიური შემოსავალი საშუალოდ $43,3 მილიონი იქნება. საერთო ჯამში ახალი მაღაზიებიდან წლიური გაყიდვების შედეგად კომპანია, სავარაუდოდ, $1,7 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. თუმცა საცალო მაღაზიები Apple-ის კაპიტალური ბიუჯეტის კლებად ნაწილს წარმოადგენს. მათში კომპანია ხარჯებისათვის განკუთვნილი თანხების მხოლოდ 11,25% -ის დახარჯვას გეგმავს, მაშინ როცა 2004 წელს ეს მაჩვენებელი 59,1 %-ს შეადგენდა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *