აპრილიდან ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს - აზერბაიჯანული მედია

აპრილიდან ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს - აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი დაიწყებს მოძრაობას. როგორც ირკვევა, აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

1news.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანა შვეიცარიული Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება.

აზერბაიჯანის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა ამჟამად აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამოა შეჩერებული: „მოგეხსენებათ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გრძელდება და ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილია. ამ მიზეზით, მატარებლებით მგზავრთა საერთაშორისო ტრანსპორტირება არ ხორციელდება“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა საქართველოსთან მგზავრთა მიმოსვლისთვის სახმელეთო საზღვარი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის გაზაფხულზე ჩაკეტა. ამის შემდეგ საზღვრის გახსნის თარიღმა არაერთხელ გადაიწია. დღესაც ქვეყნებს შორის მგზავრთა მიმოსვლა მხოლოდ საჰაერო სივრცით ხორციელდება.