საერთაშორისო საარბიტრაჟო გამოცემა Global Arbitration Review საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანულ Neqsol Holding-ს შორის მიმდინარე დავის შესახებ აქვეყნებს სტატიას. დავა კომუნიკაციების კომისიის მიერ “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნას უკავშირდება. გამოცემა Neqsol-ის განცხადებას ეყრდნობა და წერს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.
ინვესტორი აცხადებს, რომ კომპანიაში შეუზღუდავი უფლებების მქონე სპეციალური მმართველის დანიშვნა მის ფაქტობრივ ექსპროპრიაციას ნიშნავს.
“Neqsol-ი, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგს წარმოადგენს, ფლობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბიზნესს, ასევე არის მსხვილი მოთამაშე არაერთი ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ამასთანავე, Neqsol-ი ფლობს სამშენებლო ბიზნესებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და თურქეთში, კომპანიის დამფუძნებელი კი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვია,”- წერს Global Arbitration Review.
“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა Neqsol-ის შეფასებით მიმართულია იმ საერთაშორისო პროექტის განხორციელების შეჩერებისკენ, რომელმაც ცენტრალური აზია ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპას უნდა დააკავშიროს და ამ ქვეყნებისთვის შექმნას ინტერნეტის მიწოდების რუსეთისგან დამოუკიდებელი მაგისტრალი.
“კომპანიის განცხადებით, ივლისში მათ საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ იგეგმებოდა კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა – ნაბიჯი, რომელიც Neqsol-ის შეფასებით მიმართული იყო კომპანიაზე სრული კონტროლის დამყარებისკენ იყო მიმართული. Neqsol-ი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციის დარღვევით იყო მიღებული და მათ კომუნიკაციების კომისიას უპრეცედენტო უფლებები მიანიჭა,”- ნათქვამია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, პირველ ოქტომბერს “კავკასუს ონლაინში” სპეციალურ მმართველად სახელმწიფო ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” დირექტორი, მარიამ სულაბერიძე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიაა. ეს ტრანზაქცია მიმართული იყო Neqsol Holding-ის მიერ “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი 1,200-კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით შექმნილიყო ფართო საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებდა.
Neqsol Holding-ის ინფორმაციით, გარიგება შედგა ისე, რომ მის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ასევე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ “კავკასუს ონლაინმა” დაარღვია კომუნიკაციების შესახებ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები, როდესაც მისი ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება წინასწარ კომისიას არ შეუთანხმა.
2020 წლის ივლისში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.2020 წლის 1 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ სწორედ მისთვის მინიჭებული ახალი უფლება გამოიყენა.