არჩევნების პოლიტ-ეკონომიკური ანალიზი

არჩევნების პოლიტ-ეკონომიკური ანალიზი

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველომ პირველად უმასპინძლა საპარლამენტო არჩევნებს ე. წ. ‘პროპორციულთან მიახლოებული’ სისტემით. პროპორციულობის გაზრდილი წილი, თეორიისა და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს გამრავალფეროვნებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო.

პირველი ტურის შედეგად 134 საპარლამენტო მანდატი პარტიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველოში საპარლამენტო ხმების განაწილება პარტიების მიხედვით:

პირველი ტურის შედეგები, 134 მანდატის განაწილება

წყარო: https://cesko.ge/

პირველ ადგილზე მყოფი პარტია, უკვე პირველი ტურის შემდეგ, პარლამენტს უმრავლესობით აკომპლექტებს, ანუ მას გააჩნია 50%+1 მანდატი. პირველი ორი პარტია კი ჯამურად საპარლამენტო მანდატების 80%-ზე მეტს ფლობს. პოლარიზაციის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება მეორე ტურის შემდეგ. რაზე მიუთითებს ქართველი საზოგადოების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა მოცემული კონცენტრაცია ერთი ან ორი უმსხვილესი საარჩევნო სუბიექტის მიმართ?

საარჩევნო სისტემები მაჟორიტარულ, პროპორციულ და ჰიბრიდულ სისტემებად იყოფიან. თითოეულს გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები საარჩევნო ოლქების მასშტაბის, საარჩევნო ბარიერის, პარტიული სიების ტიპის, ბიულეტენების სტრუქტურისა და ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. როგორც წესი, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს წარმომადგენლობითი ორგანოს მრავალპარტიულობას, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ზრდის ეფექტური პარტიების რაოდენობას პარლამენტში. პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში 1889 წელს გამოიყენეს. ეს სისტემა დღეს პოპულარობით სარგებლობს ათეულობით სახელმწიფოში, და იგი უფრო დამახასიათებელია დემოკრატიული და განვითარებული ტიპის მქონე ეკონომიკებისთვის (Duverger, 1959).

საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ ერთპარტიული გადაწყვეტილების უფლების ქონა პარლამენტში მიზანშეწონილია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგანაც, მათი აზრით, სხვა შემთხვევაში აზრთა კონსენსუსის მიღწევა გაჭირდება, წარმომადგენლობითი ორგანოს ‘სიჭრელე’ კი არასტაბილურობას გამოიწვევს (Parliament Research Center, 2019). თუმცა, ლიტერატურის თანახმად, ამომრჩეველთა ხმების მაღალი კონცენტრაცია ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტის ირგვლივ აფერხებს ქვეყანას როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად (Duverger, 1959). კერძოდ, ხმათა მაღალი კონცენტრაცია/პოლარიზება ხელს უწყობს კორუფციის ზრდას, გაზრდილი რისკების ფონზე აუარესებს ბიზნეს გარემოს და აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას (Brown et al., 2011; McConnell et al., 2018). კვლევების თანახმად, საზოგადოების წარმატება არა იმაშია, რომ მისი სოციუმი ერთ პოზიციაზე შეჯერდეს, არამედ იმაში, რომ მან შეძლოს განსხვავებული პოზიციის მქონე ინდივიდების ჯანსაღი თანაარსებობა (Autor et al., 2006; Farrell, 2011).

დავაკვირდეთ ევროპის მაგალითს. ევროკავშირის პარლამენტი 751 დელეგატის ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქვოტებით 28-ვე ქვეყნიდან კომპლექტდება. აღნიშნული 751 დელეგატის პარტიული კუთვნილება შემდეგნაირადაა განაწილებული:

ევროკავშირში საპარლამენტო ხმების განაწილება პარტიების მიხედვით:

2019 წლის არჩევნების შედეგები

წყარო: https://www.europarl.europa.eu/portal/en

შენიშვნა: ამომრჩეველთა პოლიტიკურ კულტურაზე მსჯელობა შეგვიძლია წარვმართოთ პირველი ყველაზე პოპულარული პარტიისა და ჯამურად ორი ყველაზე  პოპულარული პარტიის მიმართ მიცემული ხმების კონცენტრაზიაცე დაყრდნობით (Cox, 1997; Taagepera, 2007). ხმათა კონცენტრაციის მსგავსი ანალიზი მნიშვნელოვანი ინდიკატორია დემოკრატიულობის ხარისხის განსასაზღვრად (Shugart & Wattenberg, 2001; Farrell, 2011).

ალბათ შეამჩნევდით ხმათა ‘დაბალანსებულობას’. ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი პარტია ფლობს მანდატების მეოთხედზე ნაკლებს, პირველი ორი პარტია კი – ჯამურად 45%-ზე ნაკლებს. თუკი დეტალურად ქვეყნების მიხედვით შევხედავთ, ვნახავთ, რომ 28 ქვეყნიდან 25-ში არცერთი პარტია არ ფლობს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას  (ანუ 50%+1 ხმას). სამი ქვეყანა სადაც ხმათა მსგავსი კონცენტრაცია ფიქსირდება არის უნგრეთი, პოლონეთი და მალტა. თუმცა, ისინი – მათი შედარებით შეზღუდული საპარლამენტო ქვოტებიდან გამომდინარე – ბუნებრივია, ვერ ახდენენ გავლენას ევროკავშირის ერთიანი პარლამენტის ხმათა კონცენტრაციაზე.

ევროკავშირის 28 ქვეყანაში ხმების განაწილება პარტიების მიხედვით:

2019 წლის არჩევნების შედეგები

წყარო: https://www.europarl.europa.eu/portal/en; IMF 2019.

ევროპასთან გავლებული პარალელის შემდეგ, შევხედოთ საქართველოს შიგნით დაფიქსირებულ შედეგებს რეგიონულ ჭრილში. ჩვენ ავიღეთ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი, და დავაკვირდით ხმათა კონცენტრაციას ა) ყველაზე პოპულარული პარტიის მიმართ და ბ) ორი ყველაზე პოპულარული პარტიის მიმართ. შედეგი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკურად შედარებით წარმოჩენილი ადგილები – მაგ., თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი – ამჟღავნებენ ხმათა განაწილების მეტ დივერსიფიცირებულობას; ანუ, მეტ მიმღებლობას შედარებით მცირე/ახალი პარტიების მიმართ. ასე მაგალითად, თბილისის რვავე ოლქში დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რადგანაც ერთმა რომელიმე პარტიამ ვერ აიღო ხმების 50%-ზე მეტი.

იგივე დაფიქსირდა ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული რეგიონები/ოლქები კი ხასიათდებიან ხმათა ერთი ან ორი საარჩევნო სუბიექტის მიმართ უფრო მაღალი კონცენტრაციით. კავშირი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ხმათა კონცენტრაციას შორის იკვეთება სტატისტიკურადაც (კორელაცია = -58%). აღნიშნული, სავარაუდოა, მიუთითებდეს, რომ ა) საზოგადოება მეტად ინფორმირებულ საარჩევნო გადაწყვეტილებას იღებს უფრო ეკონომიკურად წარმოჩენილ საარჩევნო ოლქებში; ბ) საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება უფრო მარტივი და იაფია ეკონომიკურად ნაკლებად წარმოჩენილ რეგიონებში.

საქართველოში ხმების პოლარიზაცია რეგიონულ ჭრილში:

წყარო: https://cesko.ge/; https://www.geostat.ge/ka

შენიშვნა: პირსონის კორელაციის კოეფიციენტი რეგიონის ეკონომიკურ კეთილდღეობასა (რეალური მშპ ერთ სულზე) და ა) ხმების ერთი საუკეთესო პარტიის ირგვლივ განაწილებას შორის (-58%)-ია, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 1%-იან ნდობის ინტერვალზე; ბ) ხმების ორი საუკეთესო პარტიის ირგვლივ განაწილებას შორის კი (-51%)-ია, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 1%-იან ნდობის ინტერვალზე.

შედეგებიდან გამომდინარე, ჩნდება კითხვა თუ რამდენად დაილექა ‘პროპორციულთან მიახლოებული’ საარჩევნო სისტემის არსი და მიზანი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გონებაში?

 ——————————————————————————————————————————————————————————-

წყაროები:

Autor, D. H., Katz, L. F., & Kearney, M. S. (2006). The polarization of the US labor market. The American Economic Review, 96(2), 189-194.

Brown, D. S., Touchton, M., & Whitford, A. (2011). Political polarization as a constraint on corruption: A cross-national comparison. World Development, 39(9), 1516-1529.

Cox, G. W. (1997). Making votes count: strategic coordination in the world’s electoral systems. Cambridge University Press.

Duverger, M. (1959). Political parties, their organization and activity in the modern state. Methuen.

Farrell, D. M. (2011). Electoral systems: A comparative introduction. Macmillan International Higher Education.

McConnell, C., Margalit, Y., Malhotra, N., & Levendusky, M. (2018). The economic consequences of partisanship in a polarized era. American Journal of Political Science, 62(1), 5-18.

Research Center of the Parliament of Georgia (2019). Electoral Systems

Taagepera, R. (2007). Predicting party sizes: The logic of simple electoral systems. Oxford University Press on Demand.

Shugart, M., & Wattenberg, M. P. (Eds.). (2001). Mixed-member electoral systems: The best of both worlds?. OUP Oxford.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *