არქიტექტურული ასავალ-დასავალი

არქიტექტურული ასავალ-დასავალი

საჭიროა თუ არა ნაციონალური მოძრაობის არქიტექტურული მემკვიდრეობის კრიტიკა? ცალსახად, კი. არქიტექტურული შეცდომები ისეთ ქვეყნებშიც კი ხდება, სადაც გაცილებით ძლიერია ტრადიციები და გაცილებით დალაგებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესი. კრიტიკა თავისთავად არ ნიშნავს ნგრევას, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, რა და როგორ გავაკეთოთ მომავალში. არც ნგრევა უნდა იყოს ტაბუირებული, თუ ამისთვის ძლიერი არგუმენტები არსებობს.

თუმცა ყველაფერი ზემოთ თქმული არ ნიშნავს, რომ დღეს არქიტექტურული პოლიტიკა უფრო კომპეტენტური ან უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე იყო სამი ან ხუთი წლის წინ. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოქმედი ხელისუფლების მიდგომა უფრო პირად ინტერესებზე, პოლიტიკურ პიარზე ან ზედაპირულ ემოციებზეა აგებული, ვიდრე ინფორმირებულობასა და გრძელვადიან ხედვაზე.

პირველ რიგში, აბსურდია ნაციონალური მოძრაობის პერიოდის გამოყოფა ისე, თითქოს არქიტექტურული პრობლემები საქართველოში ნაციონალებით დაიწყო და დამთავრდა. არქიტექტურულ საკითხებზე სერიოზული მუშაობის მაგივრად, “იმ ცხრა წლის” არქიტექტურის ერთგვარ გასამართლებას ვუყურებთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ისე ლაპარაკობენ “სააკაშვილის აშენებულ” ნაგებობებზე, გეგონება, თალიბანისა არ იყოს, განსასჯელთა სკამზე მყოფი პიროვნებები იყვნენ. რომც დავუშვათ, რომ 2004 – 2012 წლები არქიტექტურულად ყველაზე მძიმე იყო ჩვენს ისტორიაში, ასეთი მიდგომა თავისთავად გამორიცხავს ობიექტურობას. ყველაზე მარტივი შეკითხვა ასე ჟღერს: თუ აქტიურად განიხილება მშვიდობის ხიდის დემონტაჟი, რატომ არ განიხილება ეგრეთ წოდებული ბიზნესცენტრის საკითხი?

ხელისუფლების რიტორიკის მიხედვით, თუ შენობა თანამედროვეა, უჩვეულოა და ძველ ქალაქში ან მის სიახლოვეს მდებარეობს, ეს საკმარისია საკრიტიკოდ, თუ არა “პერიფერიაში” გადასატანად. არგუმენტი და შეკითხვა, რაც ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაკავშირებით შეიძლება მოგაფიქრდეს, საკმარისზე მეტია:
რატომ არ შეიძინა ამ შენობამ დღემდე ბიზნესცენტრის ფუნქცია და რა დანიშნულება ექნება მომავალში?
რამდენად ნორმალურია, რომ საქართველოს დედაქალაქის ხედში ამდენად თვალშისაცემ ადგილს იკავებს ერთი რიგითი მოქალაქის უფუნქციო საკუთრება? რამდენად მისაღები და პროპორციულია საერთოდ ამ შენობის მასშტაბი, რომელიც ლამის მთის ხელაა, უშუალოდ ძველ ქალაქს ადგას თავზე და ზომით ჩრდილავს ყველაფერს, ნარიყალის ციხის, პრეზიდენტის სასახლისა და სამების ტაძრის ჩათვლით?
რა ზიანი მიაყენა უკვე ამ შენობამ და მისმა დანამატებმა ბუნებას, მწვანე საფარს, და რა ზიანს მიაყენებს მომავალში?
რამდენად დამაჯერებელია ბიზნესცენტრის ფონზე რიყის არქიტექტურის გმობა იმ საბაბით, რომ ის ძველი ქალაქის სტილს არ შეესაბამება?
შეკითხვების დასმის ნაცვლად, კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარისგან ვისმენთ, რომ ბიზნესცენტრი არის “გაბედული, შემოქმედებითი, ძალიან საინტერესო ხელოვნების ქმნილება”. აქ, არათანმიმდევრულობას რომ თავი დავანებოთ, ლექსიკაც კი ერთობ დამაეჭვებელია.

მაგრამ საკითხი არ შემოიფარგლება უბრალო პარალელებით ბიზნესცენტრსა და რიყეს შორის: საინტერესოა გახსენება, რომ ნაციონალების პირველ წლებში რიყის “შესავსებად” გაცილებით მასიური და რადიკალური პროექტი განიხილებოდა. მთელი რიყე ერთ უზარმაზარ ნაგებობას უნდა დაეფარა, რომელიც ერთგვარი “ნისკარტით” მტკვრის მეორე ნაპირსაც გადასწვდებოდა, როგორც მაშინ ამბობდნენ, ისტორიული შენობების ნგრევის ხარჯზე. “ნისკარტიანი” გიგანტი მასშტაბით ივანიშვილის ბიზნესცენტრს შეეჯიბრებოდა და ბიზნესცენტრისავე არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს დაპროექტებული იყო. ეს ფაქტები ამყარებს ეჭვს, რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა პირადი ინტერესი რიყესთან დაკავშირებით და სწორედ ამ ინტერესის დაუკმაყოფილებლობამ გამოიწვია ხიდისა თუ ეგრეთ წოდებული “ტრუბების” მოცილების ვნება.

ბიძინას ინტერესების ლანდი დაჰკრავს ახალი საბაგიროების პროექტსაც. “პანორამა თბილისის” ფარგლებში დაგეგმილია საბაგიროს გაყვანა ბიზნესცენტრამდე და “პირველი მოქალაქისგან” მიწების შესყიდვა. თანაც მშენებლობას რიყის მახლობლად მდებარე ისტორიული ძეგლი უნდა შეეწიროს, რაც ისევ გვაფიქრებინებს, რომ ისტორიულ იერსახეზე წუხილი ყალბია. უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ ვაკვირდებით ბიძინას ეგოს მიშას ეგოსთან ჭიდილს. უარეს შემთხვევაში, პირადი მერკანტილური ინტერესების სახელმწიფოს ხელით გატარებას.

თუ წინა წლების არქიტექტურული პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრობლემა იყო სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, დღეს ივანიშვილის გემოვნების იმედად გვიწევს ყოფნა. ოღონდ ამჯერად ხელისუფლება ისე გველაპარაკება, თითქოს თითოეულ საკითხზე პლებისციტი იყოს ჩატარებული. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ თბილისის მერი ნარმანია გვამცნობს: თუ მშვიდობის ხიდს ან ცნობილ “ველოსიპედის ძეგლს” გარეუბანში ვერ გადავიტანთ, ნაციონალების მმართველობის “კიდევ ერთ დაღთან შეგუება” მოგვიწევს. საკითხის ასე დაყენება გასაგები იქნებოდა, მშვიდობის ხიდის წინააღმდეგ მასობრივი აქციები რომ ეწყობოდეს, ან განსაკუთრებით აქტიურობდნენ პროფესიონალთა ჯგუფები. რეალურად, აზრები გაყოფილია და მათთვისაც კი, ვისაც დიდად არ მოსწონს, ხიდისა და ველოსიპედის საკითხი აშკარად არაა პირველხარისხოვანთა რიგში.

ნარმანიას განცხადება, რომ ველოსიპედის ძეგლი “უსახური და გაურკვეველი წარმომავლობისაა” ნიშნავს, რომ მერს დიდად არ ესმის, რაზე ლაპარაკობს. ოდნავ გარკვეული ადამიანისთვისაც აშკარაა, და არც ყოფილა დამალული, რომ ეს კონცეპტუალური ძეგლია. კარგია თუ ცუდი, მისი შეფასება გასაგები იქნებოდა შინაარსის, მაგრამ არა “სილამაზის” კრიტერიუმით, და “წარმომავლობაც” ადვილი გასარკვევია: ავტორი ფრანგი ჟან დიუპიუია.

ვისაც ნანახი აქვს, ნარმანიას განცხადებაზე შეიძლება გაახსენდეს პატარძლის კაბაში გამოწყობილი მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელიც კადრში “დაფარფატებს”და ირონიული აღფრთოვანებით გაიძახის “beautiful, beautiful!”. თავისთავად, ველოსიპედის ძეგლის ხარისხზე, იდეის სიღრმეზე ან მდებარეობაზე შეიძლება დავა. მაგრამ თუ თბილისი თანამედროვე მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, ცოცხალი ქალაქი უნდა გახდეს და არა გიგანტური მუზეუმი, ჩვენს ელიტას ის მაინც უნდა ესმოდეს, რა არის კონცეპტუალური ხელოვნება.

უხერხულობას კიდევ უფრო ზრდის ის დამოკიდებულება, რომ რაც არ ვარგა ან ზედმეტად უჩვეულოა, გარეუბნებში, “პერიფერიაში”, “შემოგარენში” უნდა განთავსდეს. მეტიც, ნარმანიას თქმით, შემოგარენში ველოსიპედის დადგმით ჩვენ “დავანახებთ ტურისტებს, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და საერთოდ არქიტექტურასთან დაკავშირებით”. ისეთი ამბავი გამოდის, ძირნაყარი გაურეცხავად ჭამო და კუჭი რომ აგტკივდება, იტირო – “მწამლავენო”: გასაგებია, ვინც აღმოჩნდება დასაცინი.

გარეუბნების ერთგვარ არქიტექტურულ ნაგავსაყრელად განხილვა თავისთავად არასწორია, მაგრამ არანაკლები აბსურდია, რაც ხშირად არამხოლოდ ხელისუფლებისგან გვესმის: თითქოს უჩვეულო და თანამედროვე მხოლოდ ახალ უბნებს შეეფერება. მსოფლიო არქიტექტურაში უამრავი მაგალითია, როდესაც ორიგინალური ნაგებობა სწორედ ძველ უბანში შენდება და ისტორიულ არქიტექტურასთან კონტრასტში ხდება საინტერესო. აქ ბუნებრივია გაგახსენდეს თუნდაც ეიფელის კოშკი, რომელიც საეჭვოა, ამდენად მიმზიდველი ყოფილიყო რომელიმე “საძილე” გარეუბნის ფონზე. ონტარიოს სამეფო მუზეუმს ტორონტოში რამდენიმე წლის წინ პირდაპირი მნიშვნელობით მიადგეს დენიელ ლიბესკინდის მიბრეცილ-მობრეცილი “კრისტალი”. თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუში, “მოცეკვავე სახლი” პრაღაში, ბაროკოსა და არტ-ნუვოს პერიოდის შენობებს შორის არის ჩადგმული. თუ დავაკვირდებით, აქვე კიდევ ერთი მაგალითია: არტ-ნუვოს არსებობა ბაროკოს გვერდით შეუძლებელი იქნებოდა, პრაღა რომ თანამედროვესა და ისტორიულის შეუთავსებლობის იდეით განვითარებულიყო. ასევე შეუძლებელი იქნებოდა თბილისში ფილარმონიის და თვით მრავალტანჯული პარლამენტის შენობის არსებობაც კი. საერთოდაც, თბილისი არ იქნებოდა თბილისი, თავისი კოლორიტული მრავალშრიანობის გარეშე.

გავიმეორებ, რომ ნებისმიერი პროექტის კრიტიკა დასაშვებია და საჭიროც, იქნება ეს ფუქსასის “დოქები” (იგივე “ტრუბები”) თუ სხვა. განხილვისას აუცილებლად გაჩნდება ბევრი სუბიექტური აზრიც. პირადად ჩემთვის, თუ რამე არის აშკარად დასანგრევი, ეს თავისუფლების მოედანზე მდებარე მონუმენტია. მაგრამ ორი წინაპირობის გარეშე მხოლოდ უარეს შედეგს მივიღებთ: აუცილებელია თამაშის წესებზე შეთანხმება – ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, და აუცილებელია მივაღწიოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ აშკარა ტყუილს მაინც არ გვეუბნებოდნენ.

დაბოლოს: სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნება გვიწევს, რომ მთავრობაცა და არასამთავრობო აქტივისტებიც ოდესმე აქტიურად ალაპარაკდნენ იმ არქიტექტურულ ბარბაროსობაზე, რომელიც მთელ ქვეყანაში ყოველ ნაბიჯზეა. საკმარისია ნებისმიერ ძველ უბანში გავლა, რომ შეგხვდეს ფასადის განადგურების, ძველი აივნების “ჟესტის” გაუგებრობებით ჩანაცვლების და, ზოგადად, ჩვენი უკულტურობის უამრავი მაგალითი. ადამიანები, რომლებიც ამ ყოვლისმომცველ უბედურებას არ თუ ვერ ამჩნევენ და მხოლოდ იმაზე წუხან, რამდენად “კარგად ჯდება” “იმ ცხრა წლის” მორიგი ნაგებობა გარემოში, არ არიან მზად არქიტექტურული პრობლემების გადასაწყვეტად, ან, უბრალოდ, გულწრფელები არ არიან.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *