“გამასხრებული” ფუფუნება

“გამასხრებული” ფუფუნება

ოდესმე გქონიათ შენაძენის არჩევანი – დიორის ორი ათას ევროდ ღირებული ჩანთა, თუ მისი ანალოგი, ანუ იგივე “ფეიქი” ორას დოლარად? ან თუნდაც როლექსის ცხრაათასევროიანი საათი თუ მისი ყალბი ვერსია – სამას დოლარად?

ეს საკითხი თუ თქვენი საფიქრალის ნუსხას არ განეკუთვნება, მაშინ მსოფლიო მოსახლეობის იმ 20%-ში შედიხართ, რომელიც ყალბი პროდუქციის შეძენით არ გამოირჩევა, ხოლო დანარჩენი 80% რეგულარულად იძენს და მოიხმარს გაყალბებულ ნივთებს. მყიდველთა ეს ნაწილი ყიდვის პროცესში ხშირად დგება “ფეიქი”- ორიგინალის დუელის წინაშე. მატერიალისტური ვნებებით შეპყრობილი მსოფლიო თავის შვიდ მილიარდ მკვიდრსაც ამ ვნების გარშემო ატრიალებს. ბრენდების მნიშვნელობამ თითქმის საკრალური დატვირთვა მიიღო. მარქსისეული სასაქონლო ფეტიშიზმი ახალი ფორმით აღმოცენდა მოდერნისტულ სამყაროში – ნივთებითა და ბრენდებით ტრფობა ადამიანთა ყოფის ამსახველ რეალობად იქცა. ეკონომიკა კი, თავის მხრივ, ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას სრულ მზადყოფნაში დახვდა, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი სრული სვლით აამუშავა და მომხმარებელს არა მხოლოდ ბრენდული პროდუქციის სრული მრავალფეროვნება შესთავაზა, არამედ ბაზარი ამ პრუდუქციის ასლებითაც კი გაანებივრა.

ყალბი პროდუქციის წარმოება უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს, როდესაც ბაბილონელმა და ეგვიპტელმა ხელოსნებმა თავიანთი პროდუქციისათვის პირველად შექმნეს სასაქონლე ნიშნები, რათა მათი ერთმანეთისაგან დიფერენცირება მოეხდინათ. წარმატებული ხელოსნების ნამუშევრებს მალე გამოუჩნდა ასლები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ყალბი პროდუქტწარმოების მსოფლიო ისტორიას. საუკუნეების განმავლობაში ეს მოვლენა ევოლუციისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადიოდა. ასეთი მასშტაბური ტენდენციის სახე კი მხოლოდ 1970 წლის შემდგომ მიიღო. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2015 წლისათვის ყალბი პროდუქციით ვაჭრობა აპოგეას მიაღწევს, რაც მსოფლიო ეკონომიკას 1.7 ტრილიონი დოლარით აზარალებს. კონკრეტულად, ყალბი ლუქს-პროდუქციის ბაზარი მთელი ფუფუნების ინდუსტრიის, რომელიც 320 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 7%-ს წარმოადგენს და 22 მილიარდ დოლარად ფასდება. 2015 წლისათვის კი 7%-იანი მაჩვენებელი გაორმაგდება და თავის უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს.

ყალბი – ზუსტი თუ არაზუსტი კოპირების შედეგად შექმნილი – პროდუქცია, გაყალბებული სასაქონლო ნიშნის მატარებელი ცრუბრენდები მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. მსოფლიო ყალბი ბრენდომანია, არც მეტი არც ნაკლები, გლობალურ სენად იქცა და დღითი დღე უფრო პროგრესირებს, ვითარდება და იხვეწება. ამ ტიპის პრუდუქციის 78.50% ჩინეთში იწარმოება, რისი წყალობითაც ეს ქვეყანა მოწინავე პოზიციას იკავებს და, შეიძლება ითქვას, ამ სფეროში დაუძლეველ სუპერძალად ჩამოყალიბდა. მალაიზია, ტაილანდი, ინდონეზია, იაპონია, ფილიპინები, სამხრეთი კორეა, სინგაპური და ვიეტნამი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთაც ჩინეთთან ერთად თავიანთი წვლილი შეაქვთ ბრენდ-ანალოგების წარმოებაში. თუმცა ჩინეთი ერთპიროვნული ლიდერია, რომელიც მსოფლიო ფუფუნების ბაზარს ძალიან ცუდად ეხუმრება. პირდაპირ რომ ვთქვათ, გაამასხრა და ნელ-ნელა სულ ახალ სიმაღლეებს აღწევს ამ პაროდიულ საქმიანობაში. თუმცა რეალურად საქმე არცთუ ისე სახუმაროდაა. მეტიც, ჯეიმს მუდიმ, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს კრიმინალთან ბრძოლის ყოფილმა უფროსმა, განაცხადა, რომ გაყალბება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დანაშაულად ჩამოყალიბდებოდა. ასეც მოხდა.

პეკინში, ცნობილ აბრეშუმის ქუჩაზე, იმავე აბრეშუმის ბაზარზე, თუ მოხვედრილხართ, გაგაოგნებდათ ცრუბრენდული პროდუქციის სიმრავლე. ეს სიყალბის მექა, რომელიც 1700 სავაჭრო ობიექტს მოიცავს და დღეში 20 ათას ტურისტსა და მომხმარებელს მასპინძლობს, ხოლო შაბათ-კვირას – 60 ათასს, ზღაპრის ქალაქს წააგავს, სადაც არაფერი ნამდვილი არ არის. მოვაჭრეები იმდენად არარეალურად დაბალ ფასად სთავაზობენ მომხმარებელს “ლუქს-პროდუქციას” (მართალია, ცუდი ხარისხის, მაგრამ ხშირად საკმაოდ კარგად კოპირებულს), რომ მყიდველი დიდი სიამოვნებით და ნებაყოფლობით იხვევს თავს ამ ილუზიის ბოლში. Mმაგრამ რეალურად მოტყუებული არავინაა, აქ ყველა საკუთარი სურვილისამებრ იტყუებს თავს. აბრეშუმის ქუჩაზე მისული მყიდველი ზუსტად არის ინფორმირებული, თუ რა სახის პრუდუქციის შეძენაა აქ შესაძლებელი. პარადოქსული კი ის არის, რომ თავად ხელისუფლებამაც ზუსტად იცის ამ ქუჩის არსებობის დეტალები, თუმცა არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება ამ სიყალბის ბაზრის გასაქრობად. 2006 წელს ხუთმა უმსხვილესმა პრემიუმ-კლასის ბრენდმა – პრადამ, Gგუჩიმ, ლუი ვიუტონმა, შანელმა და ბარბერიმ, თითოეულმა 2500 დოლარის კომპენსაცია მიიღო მოვაჭრეებისაგან, რომელთანაც მათი სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა კანონდარღვევით წარმოებული პროდუქციისა და სამარკო ნიშნების რეგულაციის უგულებელყოფის გამო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ქმედებით მიღებული შედეგი აბსოლუტურად უმნიშვნელო და მიზერული იყო. იმავე წელს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ფონდმა აბრეშუმის ბაზარი დააჯარიმა 3.8 მილიონი დოლარით, რომელიც მთლიანობაში ყველა მოვაჭრის საერთო ძალისხმევით შეგროვდა. აქედან 1.3 მილიონი მალევე უკან დაუბრუნდა მოვაჭრეებს, მათი მხრიდან იმავე ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის პატივისცემისათვის. 2006 წლის აგვისტოში კი მოვაჭრეების 80%-მა ოფიციალური ავტორიზაცია მიიღო, რის შედეგადაც, არც ხელისუფლებასა და არც ბრენდების საერთაშორისო წარმომადგენლობას აბრეშუმის ქუჩასთან აღარანაირი სამართლებრივი დავა არ ჰქონია.

თუმცა სანამ პროდუქცია აბრეშუმის ბაზარზე და მსოფლიო მიწოდების სხვადასხვა ქსელში მოხვდება, მანამდე ჩინეთის არაერთ ქალაქსა თუ რეგიონში აქტიური წარმოების პროცესს გადის. ათიათასობით ქარხანა, სახელოსნო და მილიონობით მუშახელი ძვირად ღირებული ბრენდების ანალოგებს ქმნიან. ჩინეთის პროვინციებსა და ქალაქებში შექმნილი პროდუქცია ძალიან დიდ თავსატკივარს წარმოადგენს როგორც ბრენდების წარმომადგენელთათვის, ასევე Mმათი ლოიალური მომხმარებლებისთვის. პრემიუმ-კლასის ბრენდების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის ექსკლუზიურობაშია. მსგავსი ტიპის ბრენდები აქტიურად უნდა სარგებლობდეს პოპულარობით, თუმცა არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისათვის. ამიტომ ზუსტი კოპირების მეთოდით შექმნილი ბრენდების ასეთმა მომრავლებამ და ჩინეთის უმეტესი ფაბრიკების მხრიდან წარმოების ხაზის დახვეწამ ექსკლუზივის არსი ერთიორად დააკნინა. მიუხედავად ამისა, ყველა ანალოგი ზუსტი კოპირებისაგან, რა თქმა უნდა, შორს არის. ზოგადად, ყალბი ლუქს-ბრენდების კლასიფიცირება შემდეგნაირად ხდება: “ლუქს-ფეიქები”, ანუ იგივე “ლუქს-რეპლიკები”, ყველაზე მაღალი ხარისხითა და ორიგინალთან მიმართებით. დიზაინის მაქსიმალური სიზუსტით გამოირჩევა. ამ კატეგორიაში მოხვედრილ პროდუქციას ორ განშტოებად ახარისხებენ: 1. “ბრენდ-რეპლიკა”, რომელიც ზუსტ დიზაინ-ასლს წარმოადგენს. ვიზუალურად ამ ტიპის პროდუქტის ორიგინალისაგან გარჩევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა ხარისხით ვერაფრით უტოლდება ნამდვილ პროდუქტს. 2. “1:1 რეპლიკა”, რომელიც არც დიზაინითა და არც ხარისხით თითქმის არ განსხვავდება ორიგინალისაგან. ამ ტიპის ასლები ფასითაც საკმაოდ ძვირად ღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს. მაგალითისათვის, შანელის ჩანთა, რომლის ორიგინალის ღირებულება თუ დაახლოებით 5000 დოლარს წარმოადგენს, მისი “ლუქს-ფეიქის” შეძენას 800-1000 დოლარადაც შეძლებთ.

მეორე, ე.წ. “გარდამავალი” ტიპის ბრენდ-ანალოგები, დაახლოებითი, მიმსგავსებული ვერსიებია ორიგინალისა, თუმცა მათი ამოცნობა ყველასათვის მარტივი არ არის. პროცენტულად ამ კატეგორიის ასლები სხვა არსებულ ყალბ პროდუქციას შორის ყველაზე დიდია. “გარდამავალი” ანალოგები საკმაოდ უხარისხო მასალით არის დამზადებული, გარეგნულად კი მეტ-ნაკლებად იმეორებს ნამდვილი ვერსიის დიზაინს და სასაქონლე ნიშანსაც იმიტირებული ბრენდის სახელობისას ატარებს. თავისთავად ეს სასაქონლე ნიშანი ყოველგვარი რეგულირების მიღმა არის დარჩენილი.

მესამე კატეგორიაში შედის საქონელი, რომელიც საკმაოდ დაბალი დონის იმიტაციაა როგორც დიზაინით, ასევე ხარისხით და სხვადასხვა ძვირად ღირებული ბრენდის პროდუქციისადმი მსგავსების სუსტ მცდელობას წარმოადგენს.

ბოლო ტიპის “ფეიქები” მხოლოდ გარეგნული ნიშნით წააგავს კონკრეტულ ლუქს-ბრენდ პროდუქტს და საერთოდ განსხვავებული სასაქონლე ნიშნით იყიდება. Aამ ტიპის ასლების დიზაინი ორიგინალთან შედარებით შესრულების უზუსტობით გამოირჩევა და ხარისხიც თავისთავად საკმაოდ დაბალია.

თავად ბაზარმა ამ პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის პროცესი ორი მიმართულებით დაარეგულირა: ერთი მხრივ, “ნებაყოფლობითი” – როდესაც მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ყიდულობს ყალბ პროდუქციას და თანახმაა ამ ტრანზაქციისა, მეორე მხრივ კი საქმე გვაქვს “მოტყუებითი” ვაჭრობის ფორმასთან, როდესაც მყიდველი შეცდომაში შეჰყავთ და რეალურის ნაცვლად, საბოლოო ჯამში იღებს ყალბ პროდუქციას (ასეთი შემთხვევები უმეტესწილად ინტერნეტვაჭრობის შედეგია). “მოტყუებითი” ფორმა ასევე აქტიურად გვხვდება ისეთ ვითარებაში, როდესაც მყიდველისათვის რთული გასარჩევია ორიგინალი და ანალოგი. ნებისმიერ შემთხვევაში, “ფეიქი” წარმატებული ვაჭრობის სინონიმი გახდა. გაყალბებული პროდუქციის გაყიდვების მონაცემთა და სტატისტიკის დადგენა საკმაოდ რთულია ინდუსტრიის არალეგალურობის გათვალისწინებით. თუმცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ შექმნილი “ყალბ პროდუქციასთან მებრძოლი საინიციატივო ჯგუფი” BASCAP (Business Action to Stop Counterfeiting and Piracy) ყოველწლიურად აქვეყნებს გარკვეულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, პროდუქტის ტიპების მიხედვით, ლუქს-ასლების მომხმარებელთა პრეფერენცია შემდეგნაირად არის გადანაწილებული: ჩანთები და საფულეები – 50%, საათები და სამკაულები – 25%, ტანსაცმელი და აქსესუარები – 15%, ფეხსაცმელი – 10%. სწორედ ამ მოთხოვნის გათვალისწინებით არის აჭრელებული მსოფლიო დახლები და სხვადასხვა მიწოდების ქსელები. ყალბი საქონელი აქტიურად იყიდება მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მაღაზიასა და შოურუმში. საქართველოც თავისთავად არ არის გამონაკლისი, ბევრისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს იმ მაღაზიებისა თუ სავაჭრო ობიექტების დასახელებები, სადაც ყოველგვარი დამალვის გარეშე ბრენდ-ასლებს შეიძენთ. უფრო მეტიც, თბილისში არსებობს რამდენიმე მაღაზია, სადაც “1:1 რეპლიკის” ტიპის პროდუქციაც კი იყიდება და რომლის სამომხმარებლო წრეში საკმაოდ ბევრი მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი შედის. მაგრამ მრავალ ქვეყანაში ყალბი პროდუქციით ვაჭრობა დასჯადი აქტია, ამიტომ, “ფეიქ” -ინდუსტრისაათვის მაღაზიები არცთუ ისე აქტუალური გაყიდვის პუნქტია. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ- და ახლად დამკვიდრებული ინსტაგრამვაჭრობა. K კიბერსივრცე და მისი ათასობით ვებგვერდი გაჯერებულია ყალბი საქონლით. ამ ტიპის ვებმაღაზიების პოპულარულობის მთავარი მიზეზი არცთუ ისე რთული მისახვედრია – მყიდველისათვის შექმნილი სრული კომფორტი, რომელიც ყიდვა-მიწოდების პროცესის ანონიმურობაში, არჩევანის მრავალფეროვნებასა და სერვისის სიმარტივეში გამოიხატება. ინსტაგრამმა კი ეს საქმე კიდევ უფრო გააიოლა – სოკოებივით აღმოცენებული სულ ახალ-ახალი ინსტაგრამგვერდები პრემიუმ-კლასის ბრენდების უახლესი კოლექციების ანალოგების სურათებს აქვეყნებენ, მყიდველი ირჩევს სასურველ პროდუქციას და wechat-ისა და whatsapp-ის მეშვეობით უკავშირდება შუამავალს, რომელიც ნებისმიერი ზომისა და ფერის სასურველ მოდელს დაახლოებით ერთ კვირაში აწვდის მყიდველს. ყიდვის ასეთმა სიმარტივემ კიდევ მეტი სტიმული მისცა მოთხოვნის ზრდას. პირველ რიგში, ადამიანები ანონიმურობის ფაქტორმა წაახალისა, მეორე – მათ იციან, რომ არ არიან მარტონი ამ უვნებელ “ცოდვაში” და მესამე – არჩევანის ასეთმა სიმრავლემ და დიზაინის ხაზის დახვეწამ მომხმარებელი 2015 წლისათვის კიდევ უფრო ლოიალურად განაწყო “სიყალბისადმი”.

თუ ამ მოვლენის გეოგრაფიულ განაწილებას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ “ფეიქომანია” ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურ ფაზაში აშშ-ში, რუსეთში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აზიურ სახელმწიფოებშია. ყველაზე ნაკლებად კი ყალბი პროდუქციისადმი მიდრეკილებები სკანდინავიის ქვეყნებში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში ვლინდება. თუმცა ამ ქვეყნებმაც რაღაც დოზით გამოიარეს ეს ციებ-ცხელება. ზოგადად, თავად ლუქს-ბრენდების აქტუალურობის ზრდას პირდაპირპროპორციულად ეხმაურება ანალოგებისადმი ინტერესის გაღვივება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც ლუქს-ბრენდებისადმი ინტერესი ამა თუ იმ ფორმით სოციუმის მდგომარეობას ასახავს, ყალბი პროდუქციისადმი მოთხოვნაც მაღალ ნიშნულზე იქნება. აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-კულტურული მდგომარეობა და განვითარების დონე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისივე საზოგადოების კონკრეტული ინტერესების ჩამოყალიბებისას. რუსეთი და უკრაინა ამჟამად ყველაზე დიდი ბაზარია ბრენდ-ანალოგებისათვის. მიზეზი კი მარტივია: საზოგადოებრივ ცნობიერებაში ღრმად არის გამჯდარი ის ფაქტორი, რომ ბრენდების მოხმარება პრესტიჟისა და თვითწარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უყურებს მაღალი სტატუსისა და შემოსავლის მქონე ფენას, რომელიც მხოლოდ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას და ცდილობს მას გაუტოლდეს, თუმცა რადგან ამის მატერიალური რესურსი არ გააჩნია,, მიმართავს ანალოგების ყიდვის პრაქტიკას, რაც მისი შინაგანი შეფასების კრიტერიუმს, მართალია, ყალბად, მაგრამ მაინც ამაღლებს. ევროპულ ქვეყნებში კი, სადაც საზოგადოება თვითრეალიზაციასა და თავის დამკვიდრებას ბრენდების გარეშეც ახერხებს, სადაც ხშირად სტილი უპირატესია ბრენდის სახელზე, მოთხოვნა ყალბ პროდუქციაზეც შესაბამისად ნაკლებია.

საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მოთხოვნის არსებობა ეკონომიკისათვის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებს განაპირობებს. 22-მილიარდიანი დანაკარგი, რომელიც შემდგომი წლისათვის გაორმაგების ზღვარზეა, არ არის ერთადერთი ზიანი, რაც ფუფუნების საგნების გაყალბებამ ეკონომიკას მიაყენა. მილიარდებით დაზარალებული ლეგიტიმური ეკონომიკური საქმიანობები “ჩრდილოვანი ეკონომიკისათვის” ხელშემწყობი გამოდგა, რამაც ჯამში არაერთი ქვეყნის მთავრობას საჯარო მომსახურების შემოსავლები საკმაოდ შეუმცირა, საშემოსავლო გადასახადები კიდევ უფრო გაზარდა, ასიათასობით ლეგალური სამუშაო ადგილი, ფაქტობრივად, გააქრო და მომხმარებელი რეალური კრიმინალის თანამზრახველი გახადა. თავად ძვირად ღირებული ბრენდები პირდაპირი შემოსავლის კლებას, კორპორაციული /ბრენდ-იდენტობისა და პრესტიჟის შემცირებასა თუ დაცემას, სავაჭრო ნიშნის არალეგალური გამოყენებისა და ამ არალეგალურ საქმიანობასთან ბრძოლის საქმეში მატერიალური დანაკარგების პრობლემატიკას მძაფრად განიცდიან. სხვადსახვა ბრენდმა ამ მაქინაციური ინდუსტრიის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენა. თუ მოგზაურობა გიწევთ, ალბათ გაგახსენდებათ ევროპის სხვადასხვა აეროპორტში განთავსებული ბანერები. ერთ-ერთი მათგანის შინაარსი ასეთია: “ნამდვილი ქალბატონები ყალბ პროდუქციას არ მოიხმარენ – ყალბი პროდუქციის შეძენა სამწლიან პატიმრობას და 30 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს”. ასეთი ბანერები დაახლოებით მსგავსი დატვირთვის სლოგანებით Comite Colbert–ის ერთგვარი მანიფესტი იყო ყალბი ბრენდ-ინდუსტრიის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია, რომელიც ფუფუნების ბაზრის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, 1954 წელს ჟან-ჟაკ გერლენის მიერ იქნა დაარსებული. ამ ეტაპზე მასში 75 პრემიუმ-კლასის ბრენდი არის გაერთიანებული. თუმცა ეს საპროტესტო აქტი, როგორც ყალბი საქონლის მწარმოებელთათვის, ისე მომხმარებლებისთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა. საფრანგეთში ამ მხრივ ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს 1994 წლიდან. ბრიტანეთსა და აშშ-ში ყალბი პროდუქციით ვაჭრობისათვის სასჯელის ფორმად ათწლიანი პატიმრობა არის დადგენილი. 2012 წელს ევროკავშირმა 161 მილიონი დოლარის ყალბი პროდუქციის ამოღება შეძლო,Aაშშ-მ კი – 155 მილიონის, თუმცა იმ მონსტრ ინდუსტრიასთან ბრძოლაში, რასაც ყალბი პროდუქციით ვაჭრობა წარმოადგენს, ეს მიდგომა საკმარისი არ არის. თავად ჩინეთში ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზა ყოველ წელს იხვეწება, თუმცა რაიმე სახის ეფექტი ჯერჯერობით ვერც ამან მოახდინა. 2011 წელს ჩინეთის მთავრობამ მასშტაბური სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო გამყალბებლებთან ბრძოლის კუთხით, რასაც მოჰყვა 9 ათასი ადამიანის დაკავება, 530 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ამოღება და 14 ათასი არალეგალური ფაბრიკის დახურვა. 2012 წელს კი 182 მილიონი დოლარის პროდუქცია იქნა ამოღებული, ორი ათასი ადამიანი დაკავებული, ხოლო 1100 ფაბრიკა დახურული. თუმცა ხშირად ისმის ბრალდება, რომ 2011 და 2012 წლების რეიდის ტიპის მსგავსი ღონისძიებები დადგმული სანახაობა იყო, ხოლო ჩინეთის ხელისუფლება საქალაქო და რეგიონალური მასშტაბით კორუფციული გარიგებების სპეციალური სქემის შექმნაშიც კი ამხილეს. თუმცა ამით რეალურად არც არაფერი შეცვლილა. ბანგკოკში ყალბი პროდუქციისადმი მიძღვნილი მუზეუმიც კი გაიხსნა, რომელიც დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია Tilleke & Gibbins-ის არის დაარსებული და რომლის შექმნის იდეა საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას ისახავს მიზნად, რომ გაყალბება, ყალბი პროდუქციით ვაჭრობა და ამ პროდუქციის შესყიდვა დანაშაულებრივი ქმედებაა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დაარსებული BASCAP -იც კრიმინალურ საქმიანობასთან ბრძოლას, ბაზრის კვლევას, სამომხმარებლო ტრენდების გაანალიზებასა და ყველა არსებული ხერხით ამ მოვლენასთან გამკვლავებას ისახავს მიზნად. მიუხედავად ყველაფრისა, აქამდე მიღებული ზომები არასაკმარისი და უშედეგო აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა რეალურად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ ვერც ამ რეგულაციების იმპლემენტაცია და ვერც აღსრულება სათანადო დონეზე ვერ ხორციელდება, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ.

იქ, სადაც მტკიცე ადამიანური ნება არსებობს, კანონი ხშირად უძლურია. საზოგადოება სრულ მზაობას გამოხატავს, იყოს მოტყუებული და ამ ტყუილში თანხაც გადაიხადოს. საზოგადოებრივი შეგნება კი იმ მდგომარეობამდე მივიდა, როდესაც თვითდამკვიდრების პროცესში ტყუილი, მიბაძვა და იმიტაცია ერთ-ერთი მთავარი იარაღია. პრესტიჟული კონსიერჟ-სერვისი Quintessentially თავისი ექსკლუზიურობით არის ცნობილი. ამ კლუბის წევრობა ავტომატურად უდიდეს პრივილეგიებსა და სტატუსს ანიჭებს ადამიანს. ეს სააგენტო მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ასეულ მილიონერს თუ მილირდერს ემსახურება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ ყველა ახირებას აკმაყოფილებს. ჯერ კიდევ 2010 წელს ამ სააგენტოს რეგიონალურ დირექტორს მილანის ოფისში შევხვდი. მახსოვს, მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მას ხან საამიროების შეიხები ურეკავდნენ, ხან რუსი ოლიგარქები და ხანაც – მექსიკელი ბიზნესმაგნატები. მაშინ მათი მოთხოვნები იმდენად არარეალური და სასაცილო მეჩვენა, რომ გამეღიმა კიდეც, თუმცა რომ დავინახე, როგორ წამებში შეუდგა ლუქს-სერვის-პროვაიდერი მათი სურვილების შესრულებას, ღიმილი გაოცებაში გადამივიდა. ნახევარი საათის განმავლობაში შეიხის ცოლს ვინტაჟის ტიპის ერმესის ალიგატორის ტყავისაგან დამზადებული და ბრიალიანტის თვლებით გაწყობილი ჩანთა უშოვეს, რომელიც რომში იტალიელი არისტოკრატების სახლიდან შეისყიდეს. რუს ოლიგარქს სარდინიაზე საუკეთესო ვილა გაუმზადეს Dთავისი მომსახურე პერსონალით და ფერარის უახლესი მოდელები შეურჩიეს, ათი დღით პორტო-ჩერვოში გადასაადგილებლად. შეხვედრის პროცესში დიდხანს ვისაუბრეთ ლუქს-ბაზრის სამომავლო ბედზე და ზოგად კონდიციაზე. მან განაცხადა, რომ სწორედ მისი სამომხმარებლო სეგმენტის ცხოვრების სტილის მიმბაძველობით ვითარდება ყალბი ინდუსტრიის სფერო – ყველას უნდა ცხოვრება ფუფუნებაში, სადაც ნებისმიერი დეტალი პრესტიჟსა და მაღალ სტატუსზე მეტყველებს. ხოლო ისინი, ვისაც ამის საშუალება არ გააჩნია, ფუფუნების იმიტირებას ცდილობენ. გარკვეულწილად ასეც არის. ამ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით რომ მივუდგეთ, მძაფრად გამოხატულ არასრულფასოვნების კომპლექსს აღმოვაჩენთ. Aადამიანები, რომლებიც სხვისი მატერიალური სიდიადით იმდენად არიან მოხიბლულნი, რომ ყველანაირად ცდილობენ მათ გაუტოლდნენ, საბოლოო ჯამში, ვიღაცის იაფფასიან ასლებად ყალიბდებიან. უდავოა, ფუფუნებაში ცხოვრება და ექსკლუზიური, ძვირად ღირებული ბრენდების პროდუქციის შეძენა ყველას სურს და აქ საგანგაშო არაფერია. მთავარი პრობლემა ისაა, თუ რამდენად შორს არის წამსვლელი ზოგიერთი ადამიანი არარსებული ფუფუნების ძიებაში! მიმბაძველობითი სინდრომი პანდემიურად მოედო მთელ მსოფლიოს, ვაქცინა კი ალბათ თავად ადამიანშივეა, თუმცა ამოქმედება, სამწუხაროდ, ერთეულებს გამოსდით. ვნება, რომ საზოგადოებას მოაჩვენო თავი იმად, რაც არ ხარ და მიბაძო მათ, ვინც სოციუმის მიერ დაკანონებული შაბლონების მიხედვით იდეალს უტოლდება, ახალ მძლავრ ფაზაში შევიდა. შინაგანი თავისუფლებადაკარგული ადამიანები, რომლებიც უფრთხიან საკუთარი მეს გამოხატვას და ურჩევნიათ საერთო, მასობრივ ტრენდებს ამოაფარონ თავი, სიყალბის პროპაგანდის ნაწილი ხდებიან. მსოფლიო, რომელიც ყოველგვარად ცდილობს დაგვანახოს ბრჭყვიალა ფუფუნების უპირატესობა და დიდებულება, ცბიერად გვიხმობს ამ ყოველივეს ნაწილი გავხდეთ. ის ადამიანები კი, ვინც ამ გამოძახილს მიჰყვებიან, ნებსით თუ უნებლიეთ ავანტიურის ნაწილი ხდებიან. რადგან გახდე ის, რაც ფაქტობრივად თუ თეორიულად არ ხარ, შეიძინო ის, რაც შენს შესაძლებლობებს აღემატება, ფლიდობის ზღვარზე გაყენებს. როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი, თავი მიაკუთვნოს იმ სოციალურ ფენას, რომელსაც იგი რეალურად არ ეკუთვნის და ამისათვის სხვისი ცხოვრების სტილის იმიტაციას ახდენს, ცდილობს გაიგივდეს წარმატებასთან, მაღალ სოციალურ სტატუსთან და ამის დამტკიცებას სიყალბის საშუალებით ახორციელებს, უდავოდ არაჯანსაღი მოვლენაა. ფსიქოლოგების განცხადებით, ყალბი პროდუქციის შეძენისას, ემოციებიც ყალბია, ანუ რეალურად რამდენად ზუსტიც არ უნდა იყოს ბრენდის ასლი, ფსიქოლოგიურად მისი შეძენა არაფრით არ უტოლდება იმ ეიფორიულ განცდას, რომელსაც ორიგინალის ფლობა იწვევს. თუმცა ეს შეგრძნებები მეორეხარისხოვანი გახდა არარეალური სტატუსის დამტკიცების პროცესში. Mმომხმარებლის ძალიან დიდი პროცენტისათვის პრესტიჟი ხარისხზე უპირატესია. “ფეიქი” აძლევს საშუალებას მყიდველს, შეიძინოს ბრენდი, როგორც სტატუსის სიმბოლო და არა როგორც ხარისხის გარანტი. ბრენდ-აკვიატებამ იმდენად ღრმა ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე და იმოქმედა ქვეცნობიერზე, რომ ადამიანები უკვე გაცნობიერებულად ყიდულობენ ყალბ ბრენდულ პროდუქციას.

მაგრამ საუბარი ამ პრობლემის მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტზე რეალურ სურათს სრულყოფილს თავისთავად ვერ გახდის. არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც განაპირობებს ბოლო წლებში ყალბი პროდუქციისადმი ინტერესის მძლავრ მატებას. გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც მომხმარებელთა შემოსავალმა საგრძნობლად იკლო, დაიწყო ძიება შედარებით დაბალ ფასად იმავე ან მსგავსი პროდუქციის შესაძენი ახალი გზებისა. მომხმარებელთა შესყიდვითი პოტენციალის კლებასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა ბრენდული პროდუქციის ასლებზე. იმ სამომხმარებლო ჩვევებმა, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილში წლების მანძილზე გამჯდარი იყო, კრიზისთან ერთად მოდიფიცირება განიცადა. მომხმარებელი დადგა პრობლემის წინაშე, საგრძნობლად შეკვეცილი ფინანსური შესაძლებლობების პირობებში როგორ გაეგრძელებინა შესყიდვა პროდუქციისა, რომლის მიმართაც ლოიალურობა წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა. შედეგად, ხალხმა იმავე პროდუქციის იაფფასიანი, თუნდაც გაყალბებული სუბსტიტუტის შესყიდვა დაიწყო. შეიქმნა მოთხოვნა არალეგალურ და ყალბ პროდუქციაზე, რამაც, თავის მხრივ, “ჩრდილოვანი ეკონომიკის” ზრდის სტიმულირებას შეუწყო ხელი. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში გლობალური ეკონომიკური კონდიციის ზოგადმა გაუმჯობესებამ და დასტაბილურებამ პირდაპირპროპორციულად კი არ გამოიწვია “ფეიქებზე” ინტერესის კლება, არამედ პირიქით, გაყიდვებმა საგრძნობლად იმატა. საზოგადოებამ ამ ფორმით ყიდვის პრივილეგიები გაითავისა და ისურვა კვლავ ასლების შეძენით დაეკმაყოფილებინა სამომხმარებლო მოთხოვნილებები. Uკვლევების უმეტესობა გვიჩვენებს, რომ მსგავსი პროდუქტის შეძენის პროცესში დაბალი ფასი მთავარი მოტივატორია, რადგანაც მომხმარებელს დაზოგვის საშუალება ეძლევა, მაშასადამე, ამ პრუდუქციის აღქმული ღირებულება (ფასი და ხარისხის რაციო) საკმაოდ მაღალია.

მედიის ზეგავლენა აგრეთვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ საკითხში. მედიასაშუალებები, ძვირად ღირებული სარეკლამო კამპანიები, პიარტექნოლოგიები მთელი დატვირთვით მუშაობს, რათა ბრენდის არსი და მნიშვნელობა იმდენად ფასეული გახადოს საზოგადოებისათვის, რომ იგი ჩვეული ყოფის ნაწილად გადაიქცეს. მედიის მიერ სოციუმისათვის დადგენილი ნორმები ფორსირებას უწევს ბრენდომანიის გაძლიერებას და ფუფუნების გაფეტიშებას. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს არ გააჩნია შესაძლებლობა, შეწვდეს ფუფუნების ბაზრის მიერ შემოთავაზებულ არაადეკვატურად მაღალ ფასებს, საზოგადოება ავტომატურად ცდილობს საამისოდ ხელმისაწვდომი საშუალებები აღმოაჩინოს. ფუფუნება ასპირაციული მოვლენაა, ის არასდროს ყოფილა იოლად მისაღწევი ყველასათვის და სანამ მედია ამ ლუქს-ბრენდების პროდუქციას მსოფლიოს აწვდის როგორც “მასტ-ჰევს”, მანამდე ყალბი პროდუქციის წარმოების ინდუსტრიის ზრდა თავისთავად გარდაუვალი იქნება.

აქვე საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, რასაც ტენდენციების, იმავე ტრენდების სწრაფი ცვალებადობა ეწოდება. Mლუქს-კატეგორიის მოდის სახლების მიერ შემოთავაზებული ტრენდებისა და, შესაბამისად, პროდუქციის უსწრაფესმა ცვლილებებმა ყიდვა-გაყიდვის ისეთი პროცესი გამოიწვია, სადაც კონკრეტული ნივთის სასიცოცხლო ციკლი მხოლოდ ერთ სეზონს გრძელდება. ზოგადად, არსებული პრინციპის თანახმად, როდესაც რომელიმე ნივთს “მოდური” სტატუსის დაღი ესმევა, ის მაშინვე იწყებს “მოდიდან გასვლას”. ამიტომ ხალხს ურჩევნია, სეზონურ სიახლეში რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაიხადოს. პრემიუმ-კლასის ბრენდების მიერ ნაკარნახები ტრენდების მიმდევრობა თავის თავში მიბაძვას გულისხმობს – ადამიანი, რომელიც მისდევს მოდის ტენდენციას, ცდილობს, განასხვაოს და გამოყოს საკუთარი თავი სხვებისაგან და იმავდროულად ამტკიცებს, რომ ის მიეკუთვნება ამა თუ იმ ფენასა თუ ჯგუფს. შეუძლებელია ტრენდის არსებობა მიბაძვისკენ სწრაფვისა და კოლექტივთან შერწყმის გარეშე. თავად ტრენდის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ის ერთდროულად ახალიც არის და გარდამავალიც, რაც დროის დინების შეგრძნებას იძლევა. ყველაზე დიდი პროცენტი ლუქს-ასლების მომხმარებლებისა მერყეობს 25-დან 35 წლამდე ასაკობრივ სპექტრში და, ბუნებრივია, ტრენდებისადმი ინტერესიც ამ სეგმენტის ინტერესთა სფეროში მოწინავე პოზიციაზეა. ახალგაზრდა ადამიანს ხშირად არა აქვს იმის შესაძლებლობა, ყველა სეზონის ახალი მოდის ახირებები დააკმაყოფილოს, კოლოსალურ თანხად შეიძინოს პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ერთ სეზონს გასტანს და მის მოდურ სტატუსს მალევე გამუჩნდება კონკურენტი. ამიტომ ისინი ხშირად მოდის გამოძახილს ყალბი პროდუქციით შეიარაღებულები ხვდებიან.

საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი. მსოფლიო საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდება პრემიუმ-კლასის ბრენდების ფასთწარმოქმნის სტრატეგიას და მიიჩნევს, რომ ბრენდები მხოლოდ სახელს ყიდიან. გაბუქებული ფასები ხშირად ბრენდის პრესტიჟის დამსახურებად მიიჩნევა. ეს ძალიან ხშირად განაპირობებს მოვლენას, როდესაც მაღალი შემოსავლისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებიც არ ამბობენ უარს “ლუქს-რეპლიკების” შეძენაზე. “ფეიქის” ყიდვისას მათი უმთავრესი არგუმენტია, რომ ბრენდების მხრიდან თავს მოტყუებულად გრძნობენ და მიიჩნევენ, რომ რეალურად ათასი ევროს ღირებულების პროდუქტი არ უნდა ღირდეს ორი ათასი მხოლოდ ბრენდის სახელის გამო. მეორე არგუმენტი ფულის გაცემის, ზოგადად ხარჯვის კულტურას უკავშირდება, რომელიც ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. ზოგიერთისათვის წარმოუდგენელია, იყიდოს ნივთი, რომლის ღირებულება ხუთი ათასი ევროა და ამავე დროს იცოდეს, რომ ფაქტობრივად ანალოგიური ნივთის შეძენას, თანაც დიდი რაოდენობით, იგი იმავე ან ნაკლებ ფასად შეძლებს. Nნებისმიერ შემთხვევაში ნათელია ერთი რამ – საზოგადოება განწყობილია, მზად არის და მონდომებულია, შეიძინოს ყალბი პროდუქცია და ყველა ის ფაქტორი, რაც მეტ-ნაკლებად განვიხილეთ, ერთ ჯაჭვურ პროცესად იკვრება, რომელიც საბოლოო ჯამში მოთხოვნის არსებობას განაპირობებს.

საზოგადოება ამ პრობლემას სიღრმისეულად ვერ აღიქვამს და როგორც არარელევანტურს, ისე უდგება. ეს არ არის ტიპური “შავი ბაზარი”, სადაც არალეგალური ნარკოტიკისათვის, იარაღისა თუ ძვირფასი თვლებისათვის ადამიანის სიციცხლე საფრთხის ქვეშ დგება. მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისათვის გაყალბება “უმსხვერპლო”, მსუბუქი კრიმინალია. გამყალბებლები არ განიხილებიან იმავე დანაშაულებრივ კონტექსტში, როგორც ნარკომოვაჭრეები ან სხვა მძიმე ტიპის კრიმინალები, თუმცა საზოგადოება რატომღაც არიდებს თავს იმ ფაქტების გაანალიზებას, რომ გამყალბებელთა ქმედებები მსოფლიო ეკონომიკას მრავალი მილიარდი დოლარით აზარალებს, აქტიურად უწყობს ხელს ლეგალური სამუშაო ადგილების შემცირებას, სტიმულირებას უწევს დაბალი გასამრჯელოსა და ცუდი სამუშაო პირობების შექმნას. საოცარია, თუმცა არც ის აზრი, რომ ადამიანი თავად ხდება დანაშაულებრივი ქმედების თანამზრახველი, არ წარმოადგენს შემაჩერებელ ძალას საიმისოდ, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ გამოვლინდეს. გამოსავალი კი რეალურად მხოლოდ ერთია – გლობალური კოორდინაცია და ყალბ ინდუსტრიასთან ბრძოლის მეთოდების მაქსიმალური გაძლიერება, რეგულაციებისა და კანონმდებლობის იმპლემენტაცია და, რაც მთავარია, საზოგადოებრივი აზროვნებისა და დამოკიდებულების ცვლილება. ერთობლიობაში ამ სამი ფაქტორის უტილიზებამ, ყველაზე დიდი შანსია, ამ პრობლემატიკასთან ბრძოლაში რეალური ძვრა მოახდინოს.

მანამდე კი მსოფლიოს კვლავ რჩება დაზარალებული ეკონომიკა, ექსკლუზიურობადაკარგული ფუფუნება, რომელიც გამასხრებულის პოზიციაში აღმოჩნდა და საზოგადოება, რომელიც მორჩილად იტყუებს თავს, იმიტირებულ რეალობასაა ამოფარებული და კრიმინალის ნაწილი ხდება.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *