ფოტო: Associated Press
დღეს სამხრეთ კორეის მთავრობამ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა, რომელიც შეერთებულ შტატებში $350 მილიარდის მოცულობის სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელების პროცესის ნაწილია. აღნიშნული ინვესტიციის განხორციელება ქვეყნებს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების ნაწილია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯაი მიუნგის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში საინვესტიციო გეგმის ზოგიერთი პირობა და წესებია განმარტებული, მათ შორისაა „კომერციული გონივრულობის“ განმარტებაც, რომელიც აშშ-ის სტრატეგიულ ინდუსტრიებში $200 მილიარდის მოცულობის პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების საფუძველი იქნება.
გარდა ამისა, აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების მიხედვით, ეს უკანასკნელი უფრო ხელსაყრელი სატარიფო პირობების სანაცვლოდ, გემთმშენებლობასთან დაკავშირებულ თანამშრომლობაში $150 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებასაც დათანხმდა.
ოფიციალური სეული „კომერციულად გონივრულ“ პროექტად განსაზღვრავს ისეთ პროექტს, რომელსაც შეუძლია საკმარისი შემოსავლის გენერირება პროექტის პროგნოზირებული პერიოდის განმავლობაში ინვესტიციის ძირითადი და საპროცენტო ხარჯების სრულად დასაფარად.
სამხრეთ კორეის მთავრობის განცხადებით, პროექტის ხანგრძლივობა ვაშინგტონთან მოლაპარაკების შემდეგ განისაზღვრება. პროექტების მართვის გასამარტივებლად, სეული სახელმწიფო-საინვესტიციო კორპორაციას შექმნის, რომლის მუშაობის მანდატიც 20-წლიანი ვადით განისაზღვრება.
შეგახსენებთ, იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთკორეულ საქონელზე ტარიფების 25%-მდე გაზრდით დაიმუქრა და განაცხადა, რომ სეულის საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია სავაჭრო შეთანხმების ჩარჩო, რომელიც აშშ-ის გადასახადებს 15%-მდე ზღუდავდა.
მარტში გამართულ პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ ინვესტიციებთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.
















