აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. იგი ქვეყნის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში დღეს აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფარცხალაძეს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა სიას შეუერთდა, რომლის შედგენაც აშშ-მა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ქართველ-რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, სიაში FSB-სთან კავშირის გამო მოხვდა. კერძოდ კი, განცხადებაში აღნიშნულია, რომ FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენისთვის იყენებდა.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. 2013 წლის 7 ნოემბერს იგი საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა, მაგრამ ამავე წლის 30 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა.