FIFA-მ კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტებში დაასახელა

FIFA-მ კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტებში დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ “ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჯილდო The Best Men’s Player-ზე 12 ნომინანტს შორის დაასახელა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კვარაცხელია France Football-მა “ოქროს ბურთზეც” წარადგინა.

ხვიჩას გარდა FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდნენ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები – ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია), ხულიან ალვარესი (არგენტინა), კევინ დე ბრუინი (ბელგია), როდრი (ესპანეთი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია), ასევე ილქაი გიუნდოგანი (გერმანია), რომელიც გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს “სიტიდან” “ბარსელონაში” გადავიდა. The Best Men’s Player-ის ტიტულისთვის აგრეთვე იბრძოლებენ “ინტერიდან” “ალ-ნასრში” გადასული მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია), კილიან მბაპე (საფრანგეთი) “პსჟ”-დან, მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი (არგენტინა) “ინტერ მაიამიდან”, ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია) “ნაპოლიდან” და დეკლან რაისი (ინგლისი), რომელიც “ვესტ-ჰემიდან” “არსენალში” გადავიდა.

ამ და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები, ასევე გულშემატკივრები FIFA-ს ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოავლენენ. ხმის მიცემა უკვე დაიწყო და გულშემატკივრები პოზიციის დაფიქსირებას 6 ოქტომბრამდე შეძლებენ.