თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ში ჩინეთიდან საქონლის იმპორტზე ტარიფი შესაძლოა 245%-მდე გაზარდოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადასახადის გაზრდის მიზეზი აზიური ქვეყნის მხრიდან მოლაპარაკებაზე უარის თქმა და ჩინეთის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფებია.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 75-ზე მეტმა ქვეყანამ შეერთებულ შტატებს ახალი სავაჭრო გარიგებების განხილვის მიზნით უკვე მიმართა. შედეგად, ამ დისკუსიების ფონზე, ინდივიდუალური მაღალი ტარიფები ამჟამად შეჩერებულია და მხოლოდ უნივერსალური 10%-იანი გადასახადი მოქმედებს, გარდა ჩინეთისა, რომელმაც ტრამპის ნაბიჯზე საპასუხო რეაგირება მოახდინა.
არსებული მდგომარეობით, აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი მინიმუმ 145%-ს უტოლდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ამ ნიშნულსაც აჭარბებს. მეორე მხრივ, ჩინეთის მიერ აშშ-ისთვის დაწესებული ტარიფი 125%-ს შეადგენს.
ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ რეაგირებას აშშ-ის მიერ ტარიფების განაკვეთის შემდგომ ზრდაზე და დასძინეს, რომ „არანორმალურად მაღალი ტარიფები“ საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არღვევს. თუმცა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აზიური სახელმწიფო, თუ აშშ ჩინური პროდუქციის იმპორტზე გადასახადს 245%-მდე გაზრდის.