ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპანია 2030 წლისთვის საერთო შემოსავლების 75%-ით გაზრდას და $80 მილიარდის მიღებას გეგმავს. AstraZeneca-ს თქმით, ამ ნიშნულის მიღწევას ის ბაზარზე 20 ახალი მედიკამენტის შემოტანით ვარაუდობს. კომპანია საკუთარი პორტფელის გაზრდას ისეთი წამლებით გეგმავს, რომლებიც სიმსივნისა და იშვიათი დაავადებების წინააღმდეგაა მიმართული.
ცნობისთვის, გასულ წელს კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა $45.81 მილიარდი შეადგინა. ადრეული განცხადებების თანახმად კი AstraZeneca 2023-2030 წლებში 15 ახალი პრეპარატის წარდგენას ისახავდა მიზნად. როგორც ჩანს, კომპანიის მენეჯმენტმა ამბიციური გეგმები დაისახა და პორტფელის მოსალოდნელზე მეტად ზრდას ელის.
AstraZeneca ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე ფარმაცევტული კომპანიაა. ბრიტანულ-შვედური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი ისეთი მედიკამენტებითაა ცნობილი, როგორიცაა: ფილტვის კიბოს სამკურნალო Tagrisso, ლეიკემიის სამკურნალო Calquence-ი და დიაბეტის სამკურნალო Farxiga.
AstraZeneca-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილი სინგაპურში კიბოს წამლის საწარმოს აშენებაცაა. კომპანია აქტიურად მუშაობს კვლევისა და განვითარების მიმართულებაზე და R&D-ცენტრებს ინგლისში, შვედეთში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში ფლობს.
ინფორმაციისთვის, კომპანიის აქციათა ფასები 2014 წლის შემდეგ სამჯერაა გაზრდილი, 2024 წელს კი – უკვე 15%-ით. რაც შეეხება კონკურენტი კომპანიების მდგომარეობას, Novo Nordisk-ის აქციათა ფასი 2024-ში უკვე 29%-ით, GSK-ის კი 21%-ითაა გაზრდილი.