ავსტრალიაში ქლამიდიოზის საწინააღმდეგო პრეპარატით კოალების ვაქცინაცია დაიწყო

ავსტრალიაში ქლამიდიოზის საწინააღმდეგო პრეპარატით კოალების ვაქცინაცია დაიწყო

ახალი კვლევის ფარგლებში ავსტრალიაში ქლამიდიოზის საწინააღმდეგო პრეპარატით კოალების ვაქცინაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწყის ეტაპზე 400 ძუძუმწოვრის აცრა იგეგმება.

ქლამიდიოზი, რომელსაც ბაქტერია ქლამიდია იწვევს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, თუმცა ზოგჯერ ის დედისგან ახალშობილსაც გადაეცემა. რიგ შემთხვევაში მან, შესაძლოა, დაბრმავება განაპირობოს. ინფექცია როგორც ცხოველებში, ასევე ადამინებში ფართოდ არის გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს დაავადების შემთხვევებმა ავსტრალიაში მობინადრე კოალებში განსაკუთრებით მოიმატა. როგორც ვარაუდობენ, ქლამიდიოზი ქვეყნის ფარგლებში ამ ჩანთოსნების ნახევარშია გავრცელებული.

კოალების ვაქცინაცია ავსტრალიის ქვინსლენდის შტატში მდებარე სანშაინ-ქოუსთის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ტარდება. როგორც ცნობილია, ძუძუმწოვრებს ქლამიდიოზის საწინააღმდეგო პრეპარატის ერთ დოზას უკეთებენ და ველურ გარემოში დაბრუნებამდე მიკროჩიპებს უმაგრებენ. ასე სპეციალისტები ჩანთოსნების გაკონტროლებასა და მათზე დაკვირვებას შეძლებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Australian Koala Foundation-ის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასული სამი წლის განმავლობაში კონტინენტზე კოალების პოპულაციის 30% განადგურდა. ამის მთავარ მიზეზად ხანძარს, გვალვასა და საცხოვრებელი არეალის შემცირებას ასახელებენ.

ველურ გარემოში მობინადრე ცხოველების რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ავსტრალიაში ამ დროისთვის დაახლოებით 58 ათასი კოალაა შემორჩენილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *