აზერბაიჯანმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად სომხეთის საჰაერო სივრცე გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ მხარეები ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავს იკავებდნენ.
აზერბაიჯანის ქმედებამ სომხეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. სომხები ამ ნაბიჯს ბაქოსთან მათი ქვეყნის ცალმხრივ დათმობად აღიქვამენ. Flightradar24-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავებმა, ბაქოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილ ნახიჩევანს შორის, სომხეთის საჰაერო სივრცის ათვისება 6 ოქტომბერს დაიწყეს.
გადაფრენები თავდაპირველად სომხეთის სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, შემდგომ კი ფაქტი აზერბაიჯანის ავიახაზებმაც დაადასტურა. AZAL-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზებმა საჰაერო სივრცის გამოყენება სომხეთის ტერიტორიაზე დაიწყეს. მათი განცხადებით, ბაქო-ნახიჩევან-ბაქოს შორის ფრენის მარშრუტის შეცვლა შეამცირებს როგორც ფრენის დროს, ასევე საწვავის მოხმარებას. შესაბამისად, ამის შემდგომ, ამ მარშრუტით ფრენის განხორციელებისას, AZAL-ს შეეძლება, გამოიყენოს ყველა არსებული საჰაერო დერეფანი, მათ შორის სომხეთსა და ირანში გამავალი.
სომხეთის სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, 2014 წლის შემდეგ აზერბაიჯანში რეგისტრირებული არცერთი თვითმფრინავი არ შესულა სომხეთის საჰაერო სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს ერთმანეთის საჰაერო სივრცის გამოყენება აკრძალული არ ჰქონიათ. სომხეთის პარლამენტის წევრის, ლილიტ მინასიანის თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ყოველთვის ღია იყო აზერბაიჯანისთვის, უბრალოდ აზერბაიჯანმა საკუთარი ინიციატივით, მათთვის ეკონომიკური ზარალის მიყენების მიზნით, შეწყვიტა სომხეთის საჰაერო სივრცეში ფრენა.
აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის საჰაერო სივრცის ხელახალი ათვისება მასსა და ირანს შორის დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. 5 ოქტომბერს, დაძაბულობის ფონზე ირანმა აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სამხედრო სატრანსპორტო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა გადაწყვიტა. 5 ოქტომბრამდე ბაქო-ნახიჩევანის მიმართულებისთვის ირანის საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა, რაც შედარებით უფრო გრძელი მარშრუტია.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ფრენის ახალი მარშრუტი განხორციელდა აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ სომხეთის მთავარ მაგისტრალზე მოძრაობის შეზღუდვის გამკაცრების ფონზე. ამავდროულად, ბაქო ზეწოლას ახდენდა სომხეთზე „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალის გამოყენებითაც კი იმუქრებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სომხეთის მოქალაქეებში მეზობლის მიერ მათი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება შეშფოთებას იწვევს და ცალმხრივ დათმობად აღიქმება.
შეგახსენებთ, რომ ირან-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად, სომხეთმა გააძლიერა კონტაქტები ირანთან. 4 ოქტომბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანსაც ეწვია და ირანელ კოლეგას შეხვდა. მირზოიანის განცხადებით, ის დიდად აფასებს ირანის პოზიციას სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რაც აზერბაიჯანის სომხეთის ტეროტორიაზე შემოჭრასაც მოიაზრებს.