ფოტო: Reuters
ოთხშაბათს, ივლისის შემდეგ პირველად, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი $100-ს მიუახლოვდა. აღნიშნულის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში პროცესების ესკალაციაა, რამაც რეგიონიდან ნავთობის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით მოლოდინი გაამძაფრა.
ბრენტის ნავთობის ფიუჩერსები 1.3%-ით გაიზარდა და ბარელზე $99.22-ს მიაღწია, ხოლო აშშ-ის დასავლეთ ტეხასის ნავთობის ფასი 1.2%-ით გაიზარდა და ბარელზე $94.13 შეადგინა.
აგვისტოს დასაწყისიდან ბრენტის ტიპის ნავთობის ფასები ერთი მეოთხედით გაიზარდა, რადგან ექვსთვიანი ომის საბოლოოდ მოგვარების იმედები გაქრა და მხარეთა შორის შეტაკებები კვლავ განახლდა.
ახლო აღმოსავლეთის ომი სამშაბათს გამწვავდა, როდესაც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს, რამაც აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთი კონფლიქტში კიდევ უფრო ჩაითრია.
კონფლიქტის ბოლო ესკალაციისას, აშშ-ის ძალებმა ირანის რამდენიმე ნავთობტანკერი ჩაძირეს, ხოლო ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზა დაბომბა და გემებზე თავდასხმა განახორციელა.
„ნედლი ნავთობის ბაზრებზე აღმავლობის იმპულსი იზრდება, რადგან ბრენტის ნავთობის ფასი ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვან $100-იან ნიშნულს უახლოვდება“, – განაცხადა Phillip Nova-ს ბაზრის ანალიზის მიმართულების ხელმძღვანელმა, პრიანკა საჩდევამ.
ბოლო თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მომარაგების მარშრუტებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, რომლებიც რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ძირითად საზღვაო გზებზე დარტყმების გამო ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთმა ექსპორტის ნაწილი ჰორმუზის სრუტიდან სხვა მიმართულებით გადაიტანა, სახელმწიფოზე ხანგრძლივმა თავდასხმამ შესაძლოა ნედლი ნავთობის გლობალურ ბაზრებზე მიწოდების შენარჩუნების მცდელობები გაართულოს.
















