ფოტო: Getty Images
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დახურონ. ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მიერ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელების დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის დაბლოკვის გეგმის საპასუხოდ მიიღეს.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით ღაზის სექტორში მიმდინარე საკოორდინაციო მისიაში და ზოგიერთ ბრიტანელ ოფიციალურ პირს, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს, ჯერემი კორბინს და სხვა მოქალაქეებს ისრაელში შესვლა აეკრძალებათ. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა.
„ბრიტანეთის ეს ნაბიჯი მორალურად დამახინჯებულია და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებსა და მის საარჩევნო პროცესში აშკარა ჩარევას“, – აღნიშნა მან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბენდის მიერ ისრაელის მხრიდან პალესტინელების ეთნიკური წმენდის შესახებ ბრალდებებს „აღმაშფოთებელი ტყუილი“ უწოდა.
აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული ბრიტანეთის საკონსულო დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლებასთან არის აკრედიტებული.
სამშაბათს ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მიერ ერთობლივად დაანონსებული სავაჭრო ზომები ისრაელელების დასახლებების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების უახლესი ნაბიჯია.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტია ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტის პრინციპისადმი ჩვენს მიდგომაში“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ერთობლივ განცხადებაში.
ცხრა სხვა ქვეყნის, მათ შორის დანიის, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალკე განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა მოლაპარაკებების გზით მიღწეული „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის“ მიმართ, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს ისრაელთან ერთად მშვიდობიან თანაარსებობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ისრაელსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო დაიძაბა. ლონდონი ისრაელის ქმედებებს ღაზაში, დასავლეთ სანაპიროს დასახლებების გაფართოებასა და პალესტინელ მოსახლეობაზე თავდასხმების ზრდას მკაცრად აკრიტიკებს.
2025 წელს დიდი ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარეს, როგორც „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის“ ხელშეწყობის საშუალება.














