აშშ-ის მთავრობამ ჩინური ფირმები AI-ტექნოლოგიების კოპირებაში დაადანაშაულა

აშშ-ის მთავრობამ ჩინური ფირმები AI-ტექნოლოგიების კოპირებაში დაადანაშაულა

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის მთავრობამ ჩინური AI-კომპანიები ამერიკული ფირმებიდან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების კოპირებაში დაადანაშაულა. აღნიშნულმა ბრალდებამ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ლიდერს შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ ურთიერთობები გაართულოს და დაძაბოს.

აშშ-ის სამართალდამცავი და დაზვერვის საზოგადოების წევრების განცხადებით, ჩინურმა კომპანიებმა აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიების ინტელექტუალური საკუთრება „დისტილაციის“ სახელით ცნობილი ტექნიკის მეშვეობით დააკოპირეს. დისტილაცია მცირე ზომის AI-მოდელების დიდი და ძვირადღირებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების ხარჯზე წვრთნის პროცესია. აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზანი ახალი მოდელების წვრთნის ხარჯების შემცირებაა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ამერიკული ხელოვნური ინტელექტის მოდელების ვარიანტების გამოყენებაში ექვსი ჩინური კომპანია დაადანაშაულეს, მათ შორის: DeepSeek-ი, Moonshot AI-ი და Alibaba. აღნიშნულმა კომპანიებმა ამერიკული AI-ტექნოლოგია საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების უფრო სწრაფად გასაწვრთნელად გამოიყენეს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობა, სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით ჩინურმა კომპანიებმა Anthropic-ის, OpenAI-ის, Alphabet-ის, Google-ისა და SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელები გამოიყენეს.

„ჩინეთში დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ინდუსტრიული მასშტაბით აგრესიულ, მავნე და მიზანმიმართულ დისტილაციის საქმიანობას ახორციელებენ“, – ნათქვამია ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ეს ბრალდებები მაშინ გააკეთეს, როდესაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის, აშშ-ში სექტემბრის ბოლოს ვიზიტისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა მსგავსი ბრალდება აპრილში, ტრამპის პეკინში ვიზიტამდეც გააჟღერა.

სამშაბათის განცხადებაში ნათქვამია, რომ დისტილაცია არა მხოლოდ ამცირებს ჩინური ხელოვნური ინტელექტის ფირმების კვლევისა და განვითარების ხარჯებს, არამედ აძლიერებს ჩინეთის „სამხედრო და კიბერშეტევის შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.