ბაიდენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა

ბაიდენი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ბაიდენის განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყნის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის ამოქმედებამ კანონმდებლობის, რომელიც ასახავს რუსულ კანონს და ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

სულ ახლახან, საქართველოში გამართულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და იძულების არაერთი ფაქტი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მხრიდან არ შეფასებულა როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოში, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღსადგენად.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად”.