ბაიდენის ადმინისტრაცია AstraZeneca-ს მილიონობით დოზის დაგზავნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია AstraZeneca-ს მილიონობით დოზის დაგზავნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

ბაიდენის ადმინისტრაცია AstraZeneca-ს მილიონობით დოზის ინდოეთში გაგზავნას გეგმავს. აშშ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს განვითარებადი ქვეყნების დახმარებისაკენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამჟამად აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი ინდოეთს ჟანგბადის კონცენტრატორებით ამარაგებენ. ინდოეთში ასევე იგზავნება ხელოვნური სუნთქვის აპარატები.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. შემთხვევების რიცხვმა ორშაბათს რეკორდულ მაჩვენებელს, 352,991, მიაღწია. ცნობისთვის, ამჟამად ინდოეთში გავრცელებულია კორონავირუსის ახალი მუტაციური ფორმა.  B.1.617-ის სახელით ცნობილ მუტაციურ შტამს ინდურ ან “ორმაგი მუტაციის” კორონას უწოდებენ.

განვითარებად სახელმწიფოებს პანდემიასთან საბრძოლველად საკმარისი  რესურსები არ გააჩნიათ. შესაბამისად, აშშ 60 მილიონამდე დოზას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგზავნის. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს გამოყენება აშშ-ში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. ამასთან დაკავშირებით AstraZeneca-მ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. AstraZeneca-ს სპიკერი აცხადებს, რომ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აშშ-ის მთავრობა იღებს.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის კრიზისულ მდგომარეობასთან მიმართებით, თეთრი სახლი კვირამდე განცხადებას არ აკეთებდა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არის თუ არა ამერიკა ინდოეთისთვის სანდო მოკავშირე?! ამერიკის მხრიდან ნელი რეაგირების მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ „ინდოეთის დახმარების საკითხი ეჭვქვეშ არ დაყენებულა“.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ინდოეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად აქცია.   გასულ თვეში აშშ-ის, ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს რეგიონში მეტი რაოდენობით ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით, რამაც მსოფლიო კვლავ დაარწმუნა აშშ-ის პრიორიტეტებში.

მიუხედავად აღნიშნული მოლაპარაკებებისა, ამერიკის „უმოქმედობამ“ ჩინეთისა და რუსეთის გააქტიურება გამოიწვია. აღნიშნულმა სახელმწიფოებმა ტროლებისა და ბოტების საშუალებით ინტერნეტპროპაგანდა გააძლიერეს, რომ აშშ არ არის ინდოეთისთვის სანდო პარტნიორი.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის სპიკერის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, დაეხმაროს ინდოეთს კორონავირუსის ახალ ტალღასთან  გამკლავებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთში შექმნილმა სიტუაციამ საზოგადოების ყურადღება გაამახვილა განვითარებად და მდიდარ ქვეყნებში ვაქცინების ხელმისაწვდომობის საკითხზეც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *