ბანკირების ვარაუდით ბიზნეს სესხების დაკრედიტების საპროცენტო პირობები მომდევნო კვარტალშიც გამკაცრდება

ბანკირების ვარაუდით ბიზნეს სესხების დაკრედიტების საპროცენტო პირობები მომდევნო კვარტალშიც გამკაცრდება

საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშს აქვეყნებს. ცნობისთვის, ამიერიდან ანგარიში წელიწადში 4-ჯერ, ყოველი კვარტლის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევა საბანკო სექტორის მენეჯერების მიერ კითხვებზე გაცემული პასუხებით იქმნება და მისი მიზანი დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღებაა.

ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სესხებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით. აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება სესხების მოთხოვნაზე როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით. საბანკო სექტორის წარმომადგენლები კი აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას მომდევნო კვარტლის განმავლობაშიც მოელიან.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაზარზე არსებული კონკურენციისა და ეკონომიკური ტენდენციების ცვლილებების გამო გასულ კვარტალში ბიზნეს სესხებისათვის დაკრედიტების არასაპროცენტო პირობები შედარებით შერბილდა. რაც შეეხება დაკრედიტების საპროცენტო პირობებს – ის უკანასკნელისაგან განსხვავებით გამკაცრდა. ეს კი გამოწვეული იყო ფიქსირებული და ცვლადი განაკვეთით გაცემული ლარის სესხების მარჟის ზრდით. მენეჯერები ამ პირობების გამკაცრებას მომდევნო კვარტალშიც ელიან.

საკრედიტო პირობების კვლევის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში გაზრდილია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნაც. საინტერესოა, რომ დაკრედიტების არასაპროცენტო პირობები იპოთეკური სესხებისათვის მთლიანობაში შერბილებულია, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლების აზრით ძირითადი ეკონომიკური ტენდენციების დამსახურებაა. ამ უკანასკნელზე გავლენა იქონია პანდემიის შეზღუდვების შერბილებამ და ადამიანებში დადებითი მოლოდინების გაჩენამაც.